იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გადადო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გადადო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე იმსჯელეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ რეზოლუციის პათოსს იზიარებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ დოკუმენტის სამართლებრივი მხარე გასამართია, რადგან საკანონმდებლო ორგანოს ვინმეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის უფლება არ აქვს.

კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტი დოკუმენტის თაობაზე სამუშაო შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც პროექტს კენჭს უყრიან.

რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, „პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითხოვს.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა.

დოკუმენტში საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე, სასამართლო სისტემის დამორჩილებაზე, პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, მფლობელებისთვის სატელევიზიო არხების წართმევაზე, საპროტესტო აქციების დარბევაზე, „ნულოვანი ტოლერანტობის“ მოტივით მოსახლეობის დაშინებაზე, საკუთრების უფლების შელახვასა და კოდორისა და ახალგორის „ჩაბარებაზე“.

ფრაქცია დოკუმენტში აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ეკისრებათ.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით: საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად. ასევე, ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.