იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“  მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა.

როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, საკითხი პროცედურად არასწორად იყო დასმული და  ფორმით იმ დადგენილებას ეწინააღმდეგება, რომელიც ამ თემაზე პარლამენტმა დაამტკიცა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის მიერ უკვე მიღებული დადგენილება ხორავას ქუჩის საქმეზე საკითხების დამატებით შესწავლასა და რეაგირებას ეხება.

„რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა და პარლამენტი პროცესზე მონიტორინგს ვაგრძელებთ. რაც შეეხება დადგენილებას, პოლიტიკური ორგანო მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არ უნდა ჩაერიოს და ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არ უნდა დაარღვიოს. საკითხი პროცედურულად არასწორად იყო მომზადებული და კონსტიტუციის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა“, – განაცხადა ბესელიამ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სამ ძირითად რეკომენდაციას მოიცავს.