იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2018 წლის საქმიანობას შეაჯამებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2018 წლის საქმიანობას შეაჯამებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს 2018 წლის საქმიანობას შეაჯამებს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, მისი კომიტეტი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა და კომიტეტს 200-ზე მეტი კანონპროექტი უკავშირდება.

ბესელიამ მიმდინარე წლის საქმიანობაზე საუბრისას განსაკუთრებით გამოყო საკონსტიტუციო ცვლილებები, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პროცესი და ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.

„ანგარიშში ვაჩვენებთ, რომ კომიტეტს აქვს ყველაზე მეტი აქტიურობა. გვქონდა 200-ზე მეტი კანონპროექტი და მთელი საკანონმდებლო პროცესის კანონპროექტების თითქმის 80 პროცენტი განვიხილეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. აქ მნიშვნელოვანი იყო რეფორმების კუთხით სიახლეები, რაც ჩვენ დავგეგმეთ. ეს ეხებოდა კონსტიტუციურ ცვლილებებს, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პროცესს, ადვოკატთა შესახებ კანონის ახალ სტანდარტებს, ცვლილებებს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შევიტანეთ, ასევე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. ახალი სტანდარტი დავამკვიდრეთ. ეს არის პილოტური პროგრამა – სასწავლო ცენტრში ახალი სპეციალისტებისთვის იქნება სპეციალური კურსი და პირველად შევქმენით საავტორო პროექტი, სახელმძღვანელო, რომელიც კანონშემოქმედებით პროცესს ეხმარება“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, კომიტეტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას 2019 წლის გეგმებზეც ისაუბრებს. ეკა ბესელიას განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი სასამართლო რეფორმა იქნება.

„ასევე, მომავალი წლის გეგმებზე ვისაუბრებთ და ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა სასამართლო რეფორმას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალ პროექტს, სისხლის სამართლის კოდექსის ახალ ცვლილებებს. ბევრი გეგმა აქვს კომიტეტს. ასევე გამოცხადებული იყო კონკურსი „პარლამენტი შენი მეგობარი“ და დავაჯილდოვებთ ამ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს და სტუდენტებს, რომლებმაც პარლამენტს ყველაზე უკეთესი კანონპროექტი და საკანონმდებლო იდეა მიაწოდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.