იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას უსმენენ
იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას უსმენენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.

დეპუტატები დღეს პირველ კანდიდატს, თამარ ალანიას უსმენენ.

მოსმენის დაწყებამდე კომიტეტმა გასაუბრების ფორმატი და პროცედურა დაამტკიცა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ის ჯერ კანდიდატს და მის ბიოგრაფიას წარადგენს, შემდეგაც კანდიდატს დაახლოებით ხუთწუთიანი მოხსენება ექნება, ხოლო შემდეგ გასაუბრება დაიწყება. თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებას ჯერ საპარლამენტო ფრაქციები წარმართავენ, შემდეგ დამოუკიდებელი დეპუტატები, ხოლო ბოლოს სახალხო დამცველს, სამეცნიერო წრეების ორ წარმომადგენელს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, კითხვები დაუსვან კანდიდატს.

მისივე თქმით, კონსულტაციების შედეგად შეთანხმდა, რომ თითოეულ საპარლამენტო ფრაქციას 20 წუთი ექნება კანდიდატთან გასაუბრებისთვის, უფრაქციო დეპუტატებს ასევე 40 წუთი ჯამში, ხოლო სახალხო დამცველსა და სამოქალაქო სექტორს საათი და 15 წუთი ჯამში.

ფორმატი და გამოყოფილი დრო გააპროტესტეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, პროცედურა კონსულტაციების შედეგად შეთანხმდა, ხოლო მისი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მიზანია, დეპუტატებმა კანდიდატებისგან მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ. შესაბამისად, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, ერთობლივად მართონ დრო და ფორმატი.