იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ
იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები რიგით მეთექვსმეტე კანდიდატს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძეს გაესაუბრებიან.

ნინო ქადაგიძე ერთ-ერთი იყო იმ ათკაციან სადავო სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს თავდაპირველად წარუდგინა.

უვადო მოსამართლეობის კანდიდატთან დეპუტატებს კითხვები ძირითად მის სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით აქვთ.

მმართველი გუნდის წევრის, ნინო გოგუაძის თქმით, ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ ათკაციან სიასთან დაკავშირებით ექნება.

„თითქმის ყველასთან მქონდა ერთი და იგივე შეკითხვა, როგორ აფასებენ ისინი ათკაციანი სიის წარმოდგენას პარლამენტში იმ წესით, როგორც გამოიგზავნა. ბუნებრივია, ნინო ქადაგიძესთანაც იქნება ეს შეკითხვა და მე, რა თქმა უნდა მაინტერესებს, როგორ აფასებს, როდესაც სიის წარდგენის საკითხმა ასეთი განსხვავებული დამოკიდებულებები გამოიწვია, ძალიან სწორადაც, როგორც პარლამენტში, ასევე საზოგადოებაში“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ფორმალობას უწოდებენ. ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, იურიდიულ კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენამ ცხადყო, რომ სასამართლოში „კლანური მმართველობაა“.

„მთელმა საზოგადოებამ იხილა მოსამართლეების სახე, იხილა მათი დაბალი განათლების დონე, დაბალი კომპეტენცია, იხილა, რომ ეს ადამიანები კლანურად არიან დამოკიდებულები ჯგუფზე, რომელიც ფაქტობრივად მართავს სასამართლოს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი აღნიშნავს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს.

„ჩვენი კითხვები მიმართულია იმისკენ, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას და ვნახოთ, რამდენად კეთილსინდისიერი არის მომავალი მოსამართლე, რა ღირებულებები აქვს მას. წარმოდგენილი კანდიდატები უმეტეს შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებდნენ ამ კრიტერიუმებს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში დასრულდება. უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილია.