იურიდიულ კომიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ
იურიდიულ კომიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გრძელდება. საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. ხვალ კი კანონპროექტს მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

როგორც ცნობილია, კანონპროექტის დამტკიცება მესამე მოსმენით მომავალ კვირაში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მოხდება.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განვიხილავთ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხს მეორე მოსმენით. მომხსენებელი გახლავთ ბატონი ირაკლი კობახიძე. იცით, რომ ჩვენ, „ქართული ოცნების“ გუნდმა სრული შემადგენლობით, პარლამენტის 92-მა წევრმა დაუჭირა მხარი საარჩევნო სისტემის ცვლილებების საკითხს. შესაბამისად, ჩვენ პირველი მოსმენის ფარგლებში ის შეთანხმება, რომელიც შედგა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების უშუალო ჩართულობით, მივიღეთ და პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ. ასევე, მეორე მოსმენის ფარგლებში ექნება კომიტეტის „ქართული ოცნების“ წევრების სრული მხარდაჭერა ამ ცვლილებას. ამის შემდგომ უკვე, მოგეხსენებათ, ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე იქნება გატანილი ამავე კვირაში, ხოლო მომდევნო კვირაში ჩვენ უკვე მესამე მოსმენით მივიღებთ და ცვლილება უკვე შევა ძალაში მომდევნო კვირიდან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

​ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. პროექტის თანახმად, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები გუშინ პირველი მოსმენით, 136 ხმით მიიღო.