იურიდიულ კომიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ
იურიდიულ კომიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების შედეგად, გაიწერება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების საფუძვლები და წესი. ამასთანავე, შემუშავდება შემაკავებელი ორდერის აღსრულების ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ჩადენილი ძალადობის პრევენციას, სავარაუდო მსხვერპლის დაცვასა და ძალადობაზე სახელმწიფოს მყისიერ რეაგირებას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილებები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მაქსიმალური დაცვისკენ არის მიმართული.

„2012 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნების“ გუნდი ვატარებთ მკაცრ პოლიტიკას ოჯახში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, იმ მოძალადე პირებთან მიმართებით, რომლებიც ჩადიან ოჯახში დანაშაულს. ძალადობენ და ჩადიან ისეთ დანაშაულებს, რომელიც ასევე მძიმე შედეგებით სრულდება. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ გეგმაზომიერად მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, რათა ოჯახში ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლები, დაზარალებულები მაქსიმალურად დავიცვათ და უზრუნველვყოთ მათი უფლებების სრული და განუხრელი დაცვა. ამ მიზანს ემსახურება ასევე ის ცვლილებები, რომელიც შემოთავაზებულია მთავრობის მიერ. მას შემდეგ, რაც პირის მიმართ ადმინისტრაციული წესით გამოწერილი იქნება შემაკავებელი ორდერი, მოხდება საკითხის განხილვა მოსამართლის წინაშე და მოსამართლე იმსჯელებს, არსებობს თუ არა რისკი და საფრთხე, რომ შესაძლებელია, კონკრეტულმა პირმა განახორციელოს რაიმე ტიპის დანაშაულებრივი ქმედება. თუ არსებობს რაიმე ტიპის რისკი, სწორედ ელექტრონული მეთვალყურეობის მეშვეობით მოხდება ასეთი პირის მონიტორინგი, რომ ასეთი პირი არ მიუახლოვდეს პოტენციურ მსხვერპლს და თუკი ამ ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით კონკრეტული ინფორმაცია გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს, რომ კონკრეტული პირი უახლოვდება პოტენციურ მსხვერპლს, მაშინ, მოხდება მყისიერი და დროული რეაგირება, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, პოტენციური მსხვერპლები იყვნენ შესაძლო ძალადობრივი თუ სხვა ტიპის დანაშაულებრივი ქმედებისგან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.