იურიდიულ კომიტეტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე იმსჯელებენ
იურიდიულ კომიტეტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე იმსჯელებენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენა გაიმართება.

საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის წინაშე „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე წარდგება, რომელიც პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა.

როგორც სერგი კაპანაძე აცხადებს, კომისიის მხრიდან გაცემული ძირითადი რეკომენდაციები არ შესრულებულა. საუბარია ინციდენტის მონაწილე მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე, ასევე ყველა იმ პირის დასჯაზე, რომელიც ხელს უშლიდა სიმართლის დადგენას.

„ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ ხელისუფლება არასრულწლოვნების საქმეზე სიმართლის დადგენას არ ცდილობს.

„ევროპულმა საქართველომ წარუდგინა იურიდიულ კომიტეტს დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც საგამოძიებო კომისიამ მიიღო. საგამოძიებო კომისიაში იყო 40-ზე მეტი რეკომენდაცია. აქედან გამოყოფილი იყო სამი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მ.კ.-ს მიმართ, რომელიც ეხება გამოძიების დაწყებას პროკურატურისა და შსს-ს მაღალჩინოსნების ქმედებებზე და ასევე გამოძიების დაწყებას მირზა სუბელიანს ქმედებებზე. ჩვენ გვინდა, რომ იურიდიულმა კომიტეტმა და პარლამენტმა კიდევ ერთხელ იმსჯელოს ამ საკითხზე, გამომდინარე საკითხის მნიშვნელობიდან, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ჩანს, ბატონ გახარიას და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს უნდათ, რომ ეს საქმე დაივიწყონ და ყურადღება იყოს მოდუნებული“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, საპარლამენტო ოპოზიციის ბრალდებებს პასუხი გასულ კვირაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ანგარიშის წარდგენისას გაეცა.

„მინისტრის მოსვლამ პარლამენტში პრაქტიკულად ამ საკითხებს სრულად უპასუხა და შინაგან საქმეთა მინისტრი სწორედ იმ საკითხებზე საუბრობდა, რაც ამ რეკომენდაციებში შემოტანილი აქვს „ევროპულ საქართველოს“. ეს არის პროცედურა, რომ მაინც უნდა გავიაროთ ეს საკითხი და შემდეგ ეტაპზე თუ ახალი საკითხები დადგება დღის წესრიგში, ამ ახალ საკითხებზეც ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.