იურიდიულ კომიტეტში იუსტიციის საბჭოდან სამი არამოსამართლე წევრის გაწვევის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას განიხილავენ
იურიდიულ კომიტეტში იუსტიციის საბჭოდან სამი არამოსამართლე წევრის გაწვევის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „ევროპული საქართველოსა“ და ამავე პარტიის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც ​იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი არამოსამართლე წევრის: ზაზა ხარებავას, ლევან გზირიშვილისა და შოთა ქადაგიძის გაწვევას გულისხმობს.

პროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ დასახელებულ არამოსამართლე წევრებს უფლებამოსილება საკუთარი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო უნდა შეუწყდეთ. მათივე თქმით, ხარებავამ, გზირიშვილმა და ქადაგიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად შერჩეულ ათკაციან სიას მხარი ისე დაუჭირეს, რომ კანდიდატების შესახებ არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ.

„საზოგადოება სამართლიანად აღშფოთდა, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასახელა უზენაესი სასამართლოს წევრობის ის ათი კანდიდატი და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ცხადია, საკუთარი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს, რადგან ამ საზოგადოების შეურაცხყოფაზე არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ, არ გაუპროტესტებიათ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები საქართველოს პარლამენტმა გამოიწვიოს უკან საკუთარი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისთვის“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა.

„ევროპული საქართველოსგან“ განსხვავებით, მმართველი გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ ზაზა ხარებავას, ლევან გზირიშვილისა და შოთა ქადაგიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის დასახელებული მიზეზი არასაკმარისია.

„ამის საფუძველს ვერ ვხედავ. პირიქით, აქეთ უნდა გვითხრან, რა საფუძველი არსებობს, რომ ჩაითვალოს, ვთქვათ, რომელიმე წევრი არ ასრულებს თავის მოვალეობას. ეს, პირველ რიგში, მათგან უნდა მოვისმინოთ. შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და იმ არგუმენტებიდან გამომდინარე, რა არგუმენტებსაც მოვისმენთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.