იური უშაკოვი - ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი მიიჩნევენ, რომ მათი მომავალი შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული და ჯერ არ შეთანხმებულან კონკრეტულ ვადებსა თუ ადგილზე
იური უშაკოვი - ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი მიიჩნევენ, რომ მათი მომავალი შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული და ჯერ არ შეთანხმებულან კონკრეტულ ვადებსა თუ ადგილზე

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი მიიჩნევენ, რომ მათი მომავალი შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული და ჯერჯერობით არ შეთანხმებულან კონკრეტულ ვადებსა თუ ადგილზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა.

„პრეზიდენტებს აქვთ პირადი შეხვედრის ორგანიზების მზაობა მომავალში, მაგრამ ამისთვის საჭიროა აუცილებელი წინაპირობების შექმნა. ორივე პრეზიდენტი თანხმდება, რომ ასეთი შეხვედრა კარგად და ყოველმხრივ უნდა იყოს მომზადებული. საკითხი დამუშავების პროცესშია, მაგრამ კონკრეტულად ჯერჯერობით ლიდერები არ შეთანხმებულან მის ჩატარებაზე და ჯერ არ დაუსახელებიათ შესაძლო ჩატარების ადგილი“, – განაცხადა უშაკოვმა.

ამასთან, როგორც უშაკოვმა აღნიშნა, პუტინსა და ტრამპს არ განუხილავთ კონკრეტული ვადები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის.

„არა, ამაზე არ გვისაუბრია, თუმცა ტრამპმა, ბუნებრივია, ხაზი გაუსვა დაინტერესებას ამა თუ იმ შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად მიღწევას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

ამასთან, უშაკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოზიტიური როლი კიევის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაში.

„სხვათა შორის, ჩვენი მხრიდან აღინიშნა პრეზიდენტისა და აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლების პოზიტიური როლი, რომლებმაც ხელი შეუწყეს იმას, რომ კიევი დაბრუნდა მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აღნიშნა უშაკოვმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა ძალიან სიღრმისეულად განიხილეს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხები. მისივე თქმით, პუტინმა და ტრამპმა განიხილეს პატიმრების მორიგი გაცვლა რუსეთსა და აშშ-ს შორის 9-9-ზე ფორმატში.

„პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პატიმრების გაცვლაზე 9-9-ზე ფორმატში“, – განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვის თქმით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ დიალოგს ყველა საკითხზე, მათ შორის უკრაინაზე.