იური უშაკოვი – რუსეთი მზად არის, 4 ნოემბრის შემდეგ აშშ-სა და უკრაინასთან მოლაპარაკებები განაახლოს
რუსეთი მზად არის, 4 ნოემბრის შემდეგ აშშ-სა და უკრაინასთან მოლაპარაკებები განაახლოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ახლა მომდევნო ვადად 4 ნოემბერი განისაზღვრა – ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაული. ამ თარიღის შემდეგ მზად ვიქნებით, მოლაპარაკებები განვაახლოთ“, – განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, პაუზის შემდეგ უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი შეხვედრა, სავარაუდოდ, გაცნობითი ხასიათის იქნება, რადგან „პირველი შეხვედრით ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლებელია“.
მანამდე უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის მონაწილეობით მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, შესაძლოა, ნოემბრის შუა რიცხვებში, აბუ დაბიში გაიმართოს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმაც შესაძლო მოლაპარაკებების ადგილად არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი დაასახელა.
რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი სამი რაუნდი 23–24 იანვარს, 4–5 თებერვალსა და 17–18 თებერვალს გაიმართა. მომდევნო რაუნდი 5–8 მარტს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში იყო დაგეგმილი, თუმცა მისი გადადება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების გამო გახდა საჭირო.