იური უშაკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ჩინეთში, APEC-ის სამიტზე, შესაძლოა, დონალდ ტრამპს შეხვდეს

17:43, 06.09.2026

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში, APEC-ის (აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა) სამიტზე, შესაძლოა, ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შეხვდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გამოცემა „ვესტს“ განუცხადა.

„თითოეული ლიდერი APEC-ის სამიტზე დასწრებას გეგმავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეცდებით, ჩვენი ლიდერებისთვის ცალკე შეხვედრები დავგეგმოთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ბატონ სი ძინპინთან. და თუ შესაძლებლობა გაჩნდება, ჩვენი ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტსაც შეხვდება“, – განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა თუ შედგება, დიალოგის შინაარსი და თემატიკა შეხვედრის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული.

„არ ვიცი, 15 წუთი ისაუბრებენ თუ საათ-ნახევარი. ვინ იცის, როგორ განვითარდება გრაფიკი“, – აღნიშნა უშაკოვმა.

აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ლიდერების 33-ე ყოველწლიური შეხვედრა (APEC-ის სამიტი) 2026 წლის 18-19 ნოემბერს ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში, შენჟენში გაიმართება. სამიტს 21 წევრი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.

მსგავსი