იური სუსლიაკი აცხადებს, მე-11 შვილის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ყველა დასკვნა არსებობს
იური სუსლიაკი აცხადებს, მე-11 შვილის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ყველა დასკვნა არსებობს

იური სუსლიაკი, რომელიც მისი ადვოკატის ინფორმაციით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის მეუღლეა ქართულ გამოძიება ღირსების შელახვასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს.

როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ის საჩივრის მომზადებას აპირებს.

იური სუსლიაკი აცხადებს, რომ მე-11 ბავშვი, რაზეც სამართალდამცავი ორგანოები მიუთითებენ, მისი და იულია სუსლიაკის შვილი იყო და მას აბაზანაში ბანაობისას ფეხი აუცურდა და დაიხრჩო.

„გასულ წელს მოხდა უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც მე-11 ბავშვი გარდაიცვალა. არსებობს მისი გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი, სამედიცინო დასკვნა, არსებობს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის დახურვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ფაქტზე აღიძრა და შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო. რუსეთის სამართალდამცავმა ორგანომ დაადგინა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვი სააბაზანოში დასრიალდა და დაიხრჩო. ის მარტო არ ბანაობდა, საქმის გარემოებებზე მომდევნო კვირას ადვოკატი ისაუბრებს. ვაპირებ მივმართო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ადვოკატებს მოთხოვნით, რომ საქმის დახურვის შესახებ დადგენილება მოგვცენ“, – განაცხადა იური სუსლიაკმა.

მისი თქმით, არავითარი საფუძველი იმის თქმის, რომ გარდაცვლილი ბავშვის რომელიმე ორგანო გაყიდულია ან ამოღებულია, არ არსებობს.

„რუსეთის ფედერაციაში არის ყველა დოკუმენტი, მათ შორის მორგში, საგამოძიებო კომიტეტსა თუ სხვაგან, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნამდვილად უბედურ შემთხვევა მოხდა და ყველა ორგანო იყო ადგილზე. არანაირი ვაჭრობა არც ბავშვებითა და არც ორგანოებით არ ყოფილა“, – აცხადებს სუსლიაკი.

ის ასევე მზადყოფნას გამოთქვამს მან ან მისმა დედამ ჩააბარონ ბიოლოგიური მასალა რათა დადგინდეს მასსა და იმ ათ ბავშვს შორის კავშირი, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და რის საფუძველზეც ტრეფიკინგის ბრალდებითაც მისი მეუღლე იულია სუსლიაკია დაკავებული.

„მე შევთავაზე მათ, რომ აეღოთ ჩემგან ბიოლოგიური მასალა. შევთავაზე ისიც, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ წითელი ჯვარის დახმარებით ეს ბიოლოგიური მასალა გადავცე გამოძიებას. არის მესამე ვარიანტიც,რომ დედაჩემი ჩამოფრინდეს საქართველოში და სისხლის ანალიზი ჩააბაროს, რომ ნათესაური კავშირი დადგინდეს. მას ექნება ათივე ბავშვთან ნათესაური კავშირი,რომლებიც ახლა საქართველოში იმყოფებიან. მე სამართალდამცავმა ორგანოებმა შემომთავაზეს საქართველოს ჩამოფრენა. მითხრეს,რომ დაწერდნენ ოფიციალურ წერილს, რომ ჩემი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევის დევნა არ მოხდებოდა. ანუ დღეს აფხაზეთში ყოფნით, მე ვარ საქართველოს საზღვრების დამრღვევი. აქამდე არც წერილი და არაფერი სხვა ჩემამდე არ მოსულა. თუ იქნება იმის ოფიციალური გარანტია, რომ არ ვიქნები ოკუპაციის შესახებ კანონის თანახმად სამართლებრივად დევნილი, მზად ვარ, ნებისმიერ დროს მივიდე გამოძიებასთან. ახლა მე საქართველოსთან, ადმინისტრაციულ საზღვართან ვიმყოფები, ადვოკატს დოკუმენტების ორიგინალები გადავეცი, მაგრამ ამ წერილის გარეშე მე ვერ გამოვცხადდები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – ამბობს ბრალდებულის მეუღლე.

იური სუსლიაკი ასევე აღნიშნავს, რომ მათ გააჩნიათ ყველა დოკუმენტაცია რომელიც ადასტურებს, რომ ათივე ბავშვი მათი შვილები არიან.

„დარწმუნებული ვარ, როდესაც მოითხოვენ ყველა დოკუმენტს უკრაინიდან და რუსეთიდან, საქმე დაიხურება. უბრალოდ არის ერთი მომენტი, დღეს გამოძიების თანამშრომლები კრძალავენ ბავშვებთან ჩემს ურთიერთობას, იგივე ხდება ნათესავებთან მიმართებით. არ ვიცით, რა პირობებში იმყოფებიან ბავშვები და ბავშვის უფლებების დაცვის კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, დაუშვებელია მცირეწლოვანი ბავშვებისა და მშობლის დაშორება. ეს უხეშ ქმედებად მოიაზრება. ამას გარდა, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე ასევე დაუშვებელია. დღეს იქნება სასამართლო სხდომა, ჩემი მეუღლე არ უნდა დააკავონ, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ადვოკატს ყველა დოკუმენტი აქვს, რაც გამოძიების კითხვებს პასუხობს, მათ შორის, აქვს თითოეულ სუროგაციის გზით გაჩენილ ბავშვზე გენეტიკური კავშირის დამადასტურებელი მონაცემები. უკრაინაში ამის გარეშე ბავშვის რეგისტრაცია არ ხდება“,- განაცხადა სუსლიაკმა პირველ არხთან საუბარში.

იულია სუსლიაკი ორი დღის წინ ქუთაისში დააკავეს ტრეფიკინგის ბრალდებით. წარდგენილი ბრალდება 14-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.