იურგენ კლოპი - ჩემთვის ნათელია, რომ სოლსკიაერს მანჩესტერში დატოვებენ
იურგენ კლოპი - ჩემთვის ნათელია, რომ სოლსკიაერს მანჩესტერში დატოვებენ

იურგენი კლოპი დარწმუნებულია, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი მანჩესტერ იუნაიტედის სრულფასოვანი მწვრთნელი გახდება. ნორვეგიელი მანჩესტერში მას შემდეგ გადავიდა, რაც გუნდიდან პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო გაუშვეს, თუმცა მისი თანამდებობა შეიცავს არც თუ სასიამოვნო სიტყვას „მოვალეობის შემსრულებელი“, რაც იმას ნიშნავს, რომ მანჩესტერელთა ხელმძღვანელობა მას მხოლოდ დროებით ენდო და მალე ახალი მწვრთნელის მოყვანას ფიქრობს.

ცნობილია კაბდიდატთა სახელებიც, რომელთა შორის ტოტენჰემის ამჟამინდელი თავკაცი მაურისიო პოჩეტინოც ფიგურირებს.

მიუხედავად ამისა, ლივერპულის მთავარი მწვრთნელის აზრით, 13 მატჩიდან 11 მოგება იმის საწინდარია, რომ სოლსკიაერს მანჩესტერში პერმანენტულ სამსახურს შესთავაზებენ.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს სავსებით ნათელია“, – განაცხადა კლოპმა, როდესაც სოლსკიაერის გუნდში შესაძლო დარჩენაზე დაუსვეს შეკითხვა, – „ჩვენ ყველას გვჭირდება იღბალი სამწვრთნელო კარიერაში. როდესაც მე მაინციდან დორტმუნდში გადავდიოდი, ხალხი ამბობდა, რომ საერთაშორისო გამოცდილება არ მქონდა. მაგრამ ამ გამოცდილებას წინასწარ ვერ იყიდი და ვერც ისე იშოვი. ის თავად უნდა შექმნა“.

შეგახსენებთ, რომ კლოპის ლივერპული კვირას, 24 თებერვალს, ოლდ ტრაფორდს ეწვევა და სოლსკიაერის მანჩესტერ იუნაიტედთან გაარკვევს ურთიერთობას.