იუნისეფისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის კვლევის თანახმად, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს
იუნისეფისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის კვლევის თანახმად, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს

საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, –  ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ახალ ანგარიშში, რომლის სახელწოდებაა „რამდენ ბავშვს და ახალგაზრდას აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა“.

საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ღასან ხალილის განცხადებით, ინტერნეტზე წვდომის არარსებობა ხელს უშლის ბავშვებს და ახალგაზრდებს, იყვნენ კონკურენტუნარიანები თანამედროვე ეკონომიკაში, ისინი იზოლირებულნი არიან დანარჩენი სამყაროსგან, ხოლო „კოვიდ-19“-ის გამო სკოლების დახურვის შემთხვევაში, ინტერნეტის არქონა ბავშვებს განათლებაზე ხელმისწავდომობას უზღუდავს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დახურვა შეეხო დაახლოებით 661 500 ბავშვს, რომლებსაც მოუწიათ გადასვლა ვირტუალურ რეჟიმში სწავლაზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, შესაძლოა, განათლების ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩნენ.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ პანდემიამდე, მზარდი იყო იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც ესაჭიროებოდათ საბაზისო, ციფრული, დასაქმების შესაბამისი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესწავლა, 21-ე საუკუნის ეკონომიკის პირობებში კონკურენტუნარიანობის მისაღწევად.

ანგარიშის თანახმად, ციფრული უთანასწორობა კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყნებსა და თემებს შორის არსებულ უთანასწორობას, შესაბამისად, ყველაზე ხელმოკლე ოჯახებში, სოფლად და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები კიდევ უფრო ჩამორჩებიან საკუთარ თანატოლებს, ამასთან ერთად, მცირდება ამ გამოწვევის გადაჭრის შესაძლებლობები.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის უახლესი მონაცემებით, ციფრული უნარ-ჩვევების ნაკლებობა რჩება ბარიერად ციფრულ საზოგადოებაში სათანადო მონაწილეობისათვის, ხოლო მობილური ტელეფონები და ინტერნეტზე წვდომა კვლავ ძალიან ძვირია მრავალი ადამიანისათვის განვითარებად ქვეყნებში, რაც მსყიდველობით უნარში უთანასწორობით არის გამოწვეული.

დატოვე კომენტარი