იუნისეფი-ს კვლევის თანახმად, საქართველოში მოზარდთა მშობლების უმეტესობა აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს
იუნისეფი-ს კვლევის თანახმად, საქართველოში მოზარდთა მშობლების უმეტესობა აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს

საქართველოში მოზარდთა მშობლების უმეტესობა აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს, რომელიც ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს მოიცავს, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, საქართველოში მშობლების დიდი ნაწილი მოზარდთა აღზრდის პროცესში სირთულეებს განიცდის, მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლების სათანადო მხარდაჭერას. მშობლები ძირითადად ზრუნავენ მოზარდების მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და ნაკლებად მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

„მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს მოზარდობის პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში და საჭირო უნარების განვითარებაში. თუმცა მშობლებს თავადაც სჭირდებათ დახმარება ამ მიმართულებით. საქართველოში არ არსებობს მოზარდთა მშობლობის გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამები. ჩვენი კვლევის მიზანია, დავეხმაროთ სახელმწიფოს, შექმნას მოზარდთა მშობლების მხარდამჭერი პოლიტიკა და პროგრამები“, – საქართველოში აცხადებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევამ ექვსი ქვეყანა მოიცა – ბელარუსი, ბულგარეთი, საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო და რუმინეთი. გამოკითხვა 10-13 წლის და 14-17 წლის ასაკობრივ ჯგუფებთან, ასევე მათ მშობლებთან და აღმზრდელებთან ჩატარდა.