იუნისეფი მოუწოდებს ქვეყნებს, სკოლებში სასწავლო პროცესი რაც შეიძლება მალე აღადგინონ
იუნისეფი მოუწოდებს ქვეყნებს, სკოლებში სასწავლო პროცესი რაც შეიძლება მალე აღადგინონ

გაერო-ს ბავშვთა ფონდი იუნისეფი მოუწოდებს ქვეყნებს, სკოლებში სასწავლო პროცესი რაც შეიძლება მალე აღადგინონ. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მსოფლიოს 17 ქვეყანაში სკოლები სრულად, ხოლო 39 სახელმწიფოში ნაწილობრივ დახურულია. ამის შესახებ ნათქვამია იუნისეფის მიერ 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სკოლები სრულად არის დახურული, 77 მილიონი მოსწავლეა აღრიცხული. ამ ქვეყნებს შორისაა ფილიპინები, ბანგლადეში, ვენესუელა, საუდის არაბეთი, პანამა, ქუვეითი.

„განათლების კრიზისი არსად გამქრალა. იმ პირობებში კი, როდესაც საკლასო ოთახების ნაწილი კვლავ ჩაბნელებულია, კატასტროფული მდგომარეობა უარესდება“, – აცხადებს იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ფორე.

იუნისეფის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პედაგოგების აცრა ყველა ქვეყანამ პრიორიტეტად უნდა აქციოს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მოსწავლეები შესაძლოა, უფრო უსაფრთხოდ იყვნენ სახლებში, თუმცა კომპიუტერებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და განათლების ხარისხი მთავარ გამოწვევად რჩება.