იუნისეფ-ის ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში გაირკვევა, როდის მიიღებს საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს
იუნისეფ-ის ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში გაირკვევა, როდის მიიღებს საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს

როდის მიიღებს საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათას დოზას, დღის მეორე ნახევარში უნდა გაირკვეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გაერო-ს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტმა, თაკო უგულავამ განაცხადა. მისი განმარტებით, პრობლემა მთლიანად მწარმოებელს უკავშირდება, რომელსაც იუნისეფი-სთვის მიწოდებული ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინები მათი წარმომადგენლობისთვის 22 ივნისს უნდა მიეწოდებინა, რის შემდეგაც პრეპარატის პარტია თვითმფრინავში გადაიტვირთებოდა და რამდენიმე დღეში საქართველოში უნდა ჩამოეტანათ. თუმცა, როგორც უგულავა ამბობს, მწარმოებელმა კომპანიამ ვერ შეძლო მის მიერვე დასახელებულ ვადებში ვაქცინის მიწოდება.

თაკო უგულავას განმარტებით, საუბარია ესპანეთის საწარმოო ხაზზე, საიდანაც ვაქცინა თურქეთის გავლით საქართველოში უნდა ჩამოვიდეს.

„აღნიშნული პრობლემა უკავშირდება მწარმოებელს, ჩვენც კი, იუნისეფ-ს, არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ვაქცინის მოწოდების ვადების შესახებ. შეფერხება მხოლოდ საქართველოს არ ეხება და პრობლემის წინაშე სხვა ქვეყნებიც დადგნენ, რომლებსაც „ასტრაზენეკას“ ესპანურმა საწარმოო ხაზმა ასევე დაუგვიანა პრეპარატების დროული მიწოდება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს იუნისეფ-ის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ქვეყანამ უკვე მიიღო 90 ათასი ვაქცინა, ამ ეტაპზე კი 43 ათას დოზა პრეპარატს ელოდება.

გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი შეფერხდა. მართალია, აცრები რამდენიმე საათში განახლდა, თუმცა დღეს ისევ ბენეფიციარებმა, რომლებიც „ასტრაზენეკას“ პრეპარატით აცრის გასაკეთებლად კლინიკაში იყვნენ ჩაწერილები, მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ ჯავშანი გადავადებულია და ახალ თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას დამატებით მიაწვდიან.