იუნესკო-ს წევრი 46 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უარს აცხადებს რუსეთის თავმჯდომარეობით მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესიაში მონაწილეობაზე
იუნესკო-ს წევრი 46 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უარს აცხადებს რუსეთის თავმჯდომარეობით მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესიაში მონაწილეობაზე

იუნესკო-ს წევრი 46 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უარს აცხადებს რუსეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში ყაზანში დაგეგმილი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესიაში მონაწილეობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესია ივნისშია დაგეგმილი.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ იუნესკო-ს მონაცემებით, 31 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში განადგურებული ან დაზიანებულია კულტურის 53 ძეგლი.

„შეუძლებელია, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესია ჩატარდეს ყაზანში ან რუსეთის თავმჯდომარეობით მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი უკრაინაში ანადგურებს „გამოჩენილ უნივერსალურ ღირებულებას“. სასწორზეა იუნესკო-ს და მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის 1972 წლის კონვენციის ავტორიტეტი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ამ წერილის ხელმომწერები, რომელთაგან ყველა წარმოადგენს 1972 წლის კონვენციის მონაწილეს, არ გაემგზავრებიან ყაზანში ან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესიაზე, რომელსაც სხვა ქვეყანა უმასპინძლებს რუსეთის თავმჯდომარეობით“, – ნათქვამია წერილში, რომლის ხელმომწერი 46 სახელმწიფოა, მათ შორის საქართველო.