იუნესკო - კორონავირუსის გამო, საერთაშორისო მასშტაბით 300 მილიონი ახალგაზრდა განათლებას დროებით ვერ იღებს
იუნესკო - კორონავირუსის გამო, საერთაშორისო მასშტაბით 300 მილიონი ახალგაზრდა განათლებას დროებით ვერ იღებს

კორონავირუსის გამო, საერთაშორისო მასშტაბით 300 მილიონი ახალგაზრდა განათლებას დროებით ვერ იღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იუნესკო-ს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია იუწყება, რომ ინფექციის გავრცელების შესაკავებლად საერთაშორისო მასშტაბით რიგ ქვეყნებში სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა.

მათ შორის არის იტალია, სადაც ჩინეთის გარეთ ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, იტალიის ხელისუფლებამ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა 15 მარტამდე შეაჩერა. თუმცა რიგ სასწავლო დაწესებულებებში ონლაინსწავლება ამ დრომდე გრძელდება.

კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ამავე ხერხს საერთაშორისო მასშტაბით ცხრა ქვეყანამ მიმართა. მათ სწავლება ცალკეულ რეგიონებში შეაჩერეს. იუნესკო-ს ცნობით, თუ აღნიშნული ქვეყნები სწავლას მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაჩერებენ, განათლების მიღებას დროებით კიდევ 180 მილიონი ახალგაზრდა ვერ შეძლებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საერთაშორისო მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსი 80-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. დაინფიცირებულების საერთო რაოდენობა 95 ათასს აჭარბებს. ინფექციისგან განკურნება კი 53 ათასზე მეტმა ადამიანმა შეძლო.