იუნ სოკ იოლს, რომელსაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერდა, პროკურატურამ ამბოხის ხელმძღვანელობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენა
სამხრეთ კორეის უფლებამოსილებაშეჩერებულ პრეზიდენტს, იუნ სოკ იოლს პროკურატურამ ამბოხის ხელმძღვანელობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენა.
უცხოური მედიის ცნობით, საუბარია იუნის მიერ 3 დეკემბერს მოულოდნელად შემოღებულ საომარ მდგომარეობაზე, რომლის მიზანიც პარლამენტის ფუნქციონირების შეფერხება იყო.
საქმეს ამ დრომდე იძიებდა ანტიკორუფციული სააგენტო, რომელმაც პროკურატურას რეკომენდაცია მისცა იუნისთვის ბრალის ოფიციალურად წარსადგენად.
გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში იუნს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.
იუნ სოკ იოლი 15 იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პარლამენტმა მას 14 დეკემბერს იმპიჩმენტი გამოუცხადა და ახლა უფლებამოსილების სამუდამოდ შეჩერების საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც გადაწყვეტილების მისაღებად 180-დღიანი ვადა აქვს.