
ყველაფერი, რაც განვიცადეთ ნოემბრის შემდეგ და ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას, გზას უხსნის ასამბლეას და პალატას, წაახალისოს საქართველოს ხელისუფლება დიალოგისკენ ყველა ძალასთან, ვინც უნდა იმუშაოს ახალი არჩევნებისთვის საქართველოში, რომ მეტი ლეგიტიმაცია იყოს უზრუნველყოფილი მთავრობისა და მოქმედი პარლამენტისთვის, – ამის შესახებ რუმინელმა დეპუტატმა, „ალდეს“ ჯგუფის თავმჯდომარემ, იულიან ბულაიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.
იულიან ბულაიმ ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე, სადაც ის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარმოადგენდა.
„ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების შესახებ, რომლის წარდგენის პატივიც მე მაქვს, გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. მართალია, ის არ ეხება არჩევნების შემდგომ ფართო პოლიტიკურ ლანდშაფტს, მაგრამ წარმოადგენს საარჩევნო პროცესის შეფასებას. ჩვენი დელეგაცია შედგებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 31 წევრისგან, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისგან და ჩვენი მონიტორინგის მომხსენებლებისგან, ქალბატონი ესტრელასა და ბატონი კერნისგან. ჩვენ ვთანამშრომლობდით ეუთო-სა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების, ევროპარლამენტისა და ეუთო/ოდირის დელეგაციებთან“, – განაცხადა იულიან ბულაიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო პირველი, რომელიც ჩატარდა სრულად პროპორციული სისტემით და ელექტრონული მოწყობილობების ფართომასშტაბიანი გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმების დათვლისა და წინასწარი შედეგების გადაცემის უზრუნველსაყოფად. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53.93 პროცენტი და ოთხმა კოალიციამ გადალახა ხუთპროცენტიანი ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად.
„რას დავაკვირდით ამ არჩევნების დროს? არჩევნებს ახასიათებდა პოლიტიკური და მედიალანდშაფტის მაღალი პოლარიზაცია, ასევე ღრმა დაპირისპირება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ერთი მხრივ, და მმართველ პარტიასა და მაშინდელ პრეზიდენტ ქალბატონ ზურაბიშვილს შორის, მეორე მხრივ. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სიძულვილის ენითა და განსხვავებული აზრის მიმართ მტრული დამოკიდებულებით, რაც გამოწვეული იყო გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის შესახებ საკამათო კანონით. დაფიქსირდა ხმების მოსყიდვისა და ორმაგი ხმის მიცემის შემთხვევები, განსაკუთრებით – სოფლებში; ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევა აღინიშნა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების თითქმის მეოთხედში. საარჩევნო უბნებში „ქართული ოცნების“ კამერების არსებობამ და ხალხის დაშინებამ საარჩევნო უბნების წინ, ამომრჩევლების თვალთვალმა და შესაძლო კონტროლმა შექმნა განცდა, რომ „დიდი ძმა გაკვირდება“ საქართველოში. საერთო ჯამში, ჩვენი დელეგაცია შეშფოთებული იყო არჩევნებამდე და არჩევნების დროს გავრცელებული ზეწოლის კლიმატითა და პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინებით, განსაკუთრებით სოფლებში, და ამომრჩეველთა საიდუმლოების დარღვევით. ასევე, არსებობს კითხვები გარკვეული სახელმწიფო უწყებების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანონის აღსრულებაზე, რამაც ხელი შეუწყო არათანაბარი სათამაშო მოედნის შექმნას. ჩვენ დავასკვენით, რომ ამ საკითხებმა მნიშვნელოვნად გამოუთარა ძირი საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და ნდობას მის შედეგებზე, ეჭვქვეშ დააყენა მისი შედეგების ლეგიტიმურობა“, – აღნიშნა იულიან ბულაიმ.
მისივე თქმით, არსებობდა სერიოზული ეჭვები იმის შესახებ, უზრუნველყოფდა თუ არა საარჩევნო გარემო აუცილებელ პირობებს სამართლიანი არჩევნებისთვის, დაშინებისა და არასათანადო ზეწოლისგან თავისუფალი გარემოსთვის.
„გარდა ამისა, ადგილობრივი დამკვირვებლების სანდო და თანმიმდევრული ანგარიშები არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ზრდიდა შეშფოთებას არჩევნების შედეგების სისწორის შესახებ. ეს აჩვენებს, არჩევნების შედეგები ნამდვილად ასახავდა თუ არა ქართველი ამომრჩევლების ნებას. საპასუხოდ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ გამოხატა ღრმა უნდობლობა როგორც შედეგების, ისე ინსტიტუტების მიმართ და მას შემდეგ მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს ამ არჩევნების შედეგებს. ჩვენი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ,m ჩვენ ვიყავით შემაშფოთებელი მოვლენების მოწმენი. „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია თავისი საარჩევნო დაპირება სწრაფი ევროპული ინტეგრაციის შესახებ. მასობრივ დემონსტრაციებს თან ახლდა ძალადობა და პოლიციის სისასტიკე დემონსტრანტების, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების მიმართ და მათი დაკავება მხოლოდ იმიტომ, რომ გამოხატავდნენ თავიანთ უთანხმოებას ევროპული კურსის ცვლილების მიმართ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ნამდვილი კონკურენციის გარეშე და მის ლეგიტიმურობასაც ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოება. სამწუხაროდ, ეს მოვლენები მხოლოდ ადასტურებს და აძლიერებს ჩვენი დელეგაციის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას. ჩვენი ანგარიშის დასკვნები და რეკომენდაციები ახლა უფრო რელევანტური და გადაუდებელია, ვიდრე ოდესმე. ისინი გადამწყვეტია მომავალი არჩევნებისკენ მიმავალი გზის გასაკვალად, სადაც ამომრჩევლებს შეეძლებათ, ნამდვილად თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი“, – განაცხადა იულიან ბულაიმ.
მისივე თქმით, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სერიოზულად განიხილოს სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები.
„ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სერიოზულად განიხილოს ეს რეკომენდაციები, მათ შორის: გადახედოს საარჩევნო ჩარჩოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, გააუმჯობესოს ამომრჩეველთა საიდუმლოება და აღადგინოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს სანდოობა და მიუკერძოებლობა, რომლებიც, სხვათა შორის, მაღალი დონით არიან პოლიტიზებულნი; უზრუნველყოს სწრაფი, სანდო და გამჭვირვალე გამოძიება ხმების მანიპულირების შესახებ ყველა ბრალდებაზე და აღადგინოს კლიმატი ნამდვილი დემოკრატიისთვის; გააუქმოს კანონი გამჭვირვალობისა და საგარეო გავლენის შესახებ; თავი შეიკავოს ნებისმიერი რიტორიკული ქმედებებისგან, რომელიც ძირს უთხრის პლურალისტურ დემოკრატიას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებებს“, – განაცხადა იულიან ბულაიმ.
ბულაიმ ასევე აღნიშნა, რომ მისი მანდატი დასრულდა არჩევნების დღეს.
„მე დავაკვირდი წინასაარჩევნო პერიოდს, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ დღეებს, მაგრამ ჩემი მანდატი შეწყდა და ეს არის ანგარიში იმ სადამკვირვებლო მისიიდან. ახლა არჩევნების შემდგომი გარემო საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია. ქვეყანა მიდის ავტოკრატიისკენ და სიტუაცია არ უმჯობესდება ამ არჩევნების შემდეგ. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა ორი მოწოდებისთვის. პირველი მათგანია გაათავისუფლონ ის 53 პოლიტპატიმარი, რომლებიც ახლა საქართველოში იმყოფებიან, რომელთაგან ერთი, ჟურნალისტი, უკვე 16 დღეა, შიმშილობს; მეორე, ყველაფერი, რაც ჩვენ განვიცადეთ ნოემბრის შემდეგ და ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ეჭვქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, გზას უხსნის ამ ასამბლეას და ამ პალატას, რათა წაახალისოს საქართველოს ხელისუფლება დიალოგისკენ ყველა იმ ძალასთან, ვინც უნდა შექმნას და იმუშაოს ახალი არჩევნებისთვის საქართველოში, რომ უფრო მეტი ლეგიტიმაცია იყოს უზრუნველყოფილი მთავრობისა და მოქმედი პარლამენტისთვის, რომლის დეპუტატებიც აქ იმყოფებიან“, – აღნიშნა იულიან ბულაიმ.