„ლევერკუზენის“ ნახევარმცველი იულიან ბრანდტი, დიდი ალბათობით, „დორტმუნდში“ გააგრძელებს კარიერას, – ამტკიცებს „სკაი სპორტს ნიუსი“. ადრე იტყობინებოდნენ, რომ 23 წლის გერმანელზე პრეტენზიას აცხადებენ „ტოტენჰემი“ და „ლივერპული“.
ბრანდტის გამოსასყიდი თანხა 21.5 მილიონ ფუნტს უდრის. მისი კონტრაქტი „ლევერკუზენთან“ 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ის, შესაძლოა, დარჩეს თავის ამჟამინდელ კლუბში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში. „ლევერკუზენი“ გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზეა და მეოთხე პოზიციაზე მყოფ „გლადბახს“ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება.
წლევანდელ სეზონში ბრანდტმა 42 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს ცხრა გოლითა და 12 შედეგიანი პასით დაეხმარა.