იულია სვირიდენკო - რუსეთი აგრძელებს მკვლელობების გზას, ომის დასრულების ნაცვლად, ეს მიზანმიმართული ტერორის აქტებია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ
რუსეთი აგრძელებს მკვლელობების გზას, ომის დასრულების ნაცვლად. ეს მიზანმიმართული ტერორის აქტებია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დროს განაცხადა.
სვირიდენკომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გააძლიეროს დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლა რუსეთზე.
„ყველაზე პატარა მსხვერპლი სამი წლისაც არ იყო. იგი 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის დაბომბვების დროს დაიბადა და 2025 წლის აგვისტოში ისევ რუსეთის დაბომბვას ემსხვერპლა. რუსეთი აგრძელებს მკვლელობების გზას, ომის დასრულების ნაცვლად. ეს მკვლელობები არის მიზანმიმართული ტერორის აქტები. ეს არის მოსკოვის შეგნებული გადაწყვეტილება, განაგრძოს სისტემური კამპანია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – განაცხადა სვირიდენკომ.
უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები და შორ დისტანციაზე მოქმედი იარაღი, რათა გაანეიტრალოს რუსული სამხედრო ობიექტები, საიდანაც თავდასხმები ხორციელდება. სვირიდენკომ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, კერძოდ, რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცონ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი, სრულად გათიშონ რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემებიდან, შემოიღონ სანქციები რუსული ნავთობის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, დააწესონ მკაცრი ტარიფები რუსეთის სამხედრო ეკონომიკის დასასუსტებლად და გაამკაცრონ პერსონალური სანქციები რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ. სვირიდენკომ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს უნდა წაართვან ომის დაფინანსების წყაროები. ამასთან, მისივე თქმით, უკრაინა კვლავ რჩება ღია დიპლომატიისთვის „ყველა მხარისთვის სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მისაღწევად.