იულია სუსლიაკი - გთხოვთ, ჟურნალისტების ჩარევისგან დაიცავით ჩემი შვილები
იულია სუსლიაკი - გთხოვთ, ჟურნალისტების ჩარევისგან დაიცავით ჩემი შვილები

გთხოვთ, ჟურნალისტების ჩარევისგან დაიცავით ჩემი შვილები, – ამის შესახებ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხდომაზე ტრეფიკინგში ბრალდებულმა იულია სუსლიაკმა განაცხადა.
სხდომა მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დაიხურა.

„მე თავიდანვე მქონდა მოთხოვნა, რომ ეს არ ყოფილიყო საჯარო, დაეცვათ ჩემი შვილები ჟურნალისტების ჩარევისგან. ყველა ნებისმიერი სხვა ადამიანისგან გარდა იმ ხალხისა, რომლებიც დღეისთვის პასუხისმგებლები არიან ჩემი შვილების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი ჩარევა ჟურნალისტებისა თუ სხვა ორგანოების უნდა იყოს ჩემთან შეთანხმებული ჩემი ადვოკატის მეშვეობით”, – განაცხადა იულია სუსლიაკმა.

სხდომის დახურვაზე შუამდგომლობა საქმეში არსებული პერსონალური და პირადი ინფორმაციის გამო, პროკურორმა დააყენა, რაშიც ადვოკატიც დაეთანხმა.

სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების სახედ იულია სუსლიაკისთვის ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატი კი, აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც ტრეფიკინგის ბრალს ადასტურებს და დღევანდელ სხდომაზე ის იულია სუსლიაკის ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას მოითხოვს.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.