იულია სკრიპალი - ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, ვცდილობ გავუმკლავდე თავს დატეხილ ცვლილებებს
იულია სკრიპალი - ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, ვცდილობ გავუმკლავდე თავს დატეხილ ცვლილებებს

რუსი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილი იულია სააგენტო “როიტერს” ესაუბრა.

იულია სკრიპალის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის საელჩოს მიერ შეთავაზებული დახმარებით სარგებლობა არ სურს. მან საზოგადოებას მოუწოდა პატივი სცენ როგორც მის, ასევე  მამამისის პირად ცხოვრებას გამოჯანმრთელების ხანგრძლივი პროცესის დროს.

“დიდ ბრიტანეთში 3 მარტს მამას მოსანახულებლად ვეწვიე. კომაში გატარებული 20 დღის შემდეგ გამოღვიძებულმა კი შევიტყვე, რომ ორივე მოგვწამლეს”,- აცხადებს იულია სკრიპალი.

“ჩვენთვის ჯერ კიდევ რთულია იმ ფაქტის გააზრება, რომ ორივეს თავს დაგვესხნენ. გაგვიმართლა, რომ მკვლელობის მცდელობას ორივე გადავურჩით. გამოჯანმრთელების პროცესი ნელი და ძალიან მტკივნეულია” – აღნიშნავს ორმაგი ჯაშუშის ქალიშვილი. “ნერვული აგენტის გამოყენების ფაქტი შოკისმომგვრელია. არ აღვწერ დეტალებს, თუმცა მკურნალობა ინვაზიური, მტკივნეული და დეპრესიულია. მადლობელი ვარ სოლსბერის ჰოსპიტლის შესანიშნავი, კეთილი გუნდის და იმ ხალხის, ვინც თავდასხმის დროს დახმარება აღმოგვიჩინა”,-აცხადებს იულია სკრიპალი და აღნიშნავს, რომ მომავალში სამშობლოში დაბრუნების იმედი აქვს.

“კლინიკიდან 9 აპრილს გავეწერე და განვაგრძობ მკურნალობას, თუმცა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა და ვცდილობ გავუმკლავდე ფიზიკურ და ემოციურ დონეზე თავს დატეხილ ცვლილებებს. მინდა დავეხმარო მამას  სრულ გამოჯანმრთელებამდე. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ჩემს ქვეყანაში დაბრუნების იმედი მაქვს.  თხოვნით მივმართავ ყველას, პატივი სცენ ჩემსა და მამაჩემის პირად ცხოვრებას. ჩვენ გვჭირდება დრო გამოჯანმრთელებისთვის და მომხდარის გასააზრებლად. მადლობელი ვარ რუსთის საელჩოს ოფიცრების, რომლებმაც დახმარება შემომთავაზეს, თუმცა ამ ეტაპზე არ მსურს ვისარგებლო მათი მომსახურებით. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არავინ საუბრობს, ჩემი ან მამაჩემის სახელით, ჩვენს გარდა” – აცხადებს იულია სკრიპალი.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს სოლსბერის დასახლებაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, სკრიპალებზე თავდასხმის დროს გამოყენებულ იქნა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება, ე.წ. “ნოვიჩოკი“. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.