ITU კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მეგა მონაცემების დამუშავების პროექტის განხორციელებაში ფინანსურად და ტექნიკურად დაეხმარება
ITU კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მეგა მონაცემების დამუშავების პროექტის განხორციელებაში ფინანსურად და ტექნიკურად დაეხმარება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებთან ერთად, ITU-ს პროექტებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი კოსმას ზავაზავა და ICT მონაცემების დამუშავებისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი რატი სხირტლაძე მიიღო.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კომისიისა და ITU-ს მიერ განხორციელებული პროექტები და შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. კახა ბექაურმა სტუმრებს მედიაწიგნიერების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და მედია ლაბორატორიის პროექტი გააცნო.

როგორც კომისიაში აცხადებენ, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება მეგა მონაცემების დამუშავების თემას დაეთმო, რომელშიც კომისიას სწორედ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მიერ განხორციელებულ პროექტში მონაწილეობით დიდი გამოცდილება აქვს. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის განვითარებაში აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მეგა მონაცემების დამუშავების კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ სატელეკომუნიკაციო ოპერატორებიდან მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ზუსტად ასახავს მომხმარებლის ქცევას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობების სწორედ დაგეგმვაში.

მხარეებმა ასევე განიხილეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ამ მხრივ უკვე გადადგმული ნაბიჯები. კოსმას ზავაზავამ სრული მხარდაჭერა გამოხატა პროექტის მიმართ და მზადყოფნა გამოთქვა, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში, როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტული კუთხით.

საუბარი შეეხო ITU Academy-ისა და საქართველოს საგანმანათლებლო ორგანიზაციების თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. მხარეებმა ისაუბრეს ე.წ. წარმატების ცენტრის ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე, რომელიც სატელეკომუნიკაციო სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კერა იქნება.