ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორი - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტურისტული ნაკადების დიდი ზრდა იქნება, რადგან ბერლინის გამოფენის ყველა მასპინძელს მნიშვნელოვანი მატება ჰქონდა
ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორი - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტურისტული ნაკადების დიდი ზრდა იქნება, რადგან ბერლინის გამოფენის ყველა მასპინძელს მნიშვნელოვანი მატება ჰქონდა

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტურისტული ნაკადების დიდი ზრდა იქნება, რადგან ბერლინის გამოფენის ყველა მასპინძელს მნიშვნელოვანი მატება ჰქონდა, – ამის შესახებ ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა განაცხადა.

მისივე თქმით, „საქართველო მსოფლიოში გამორჩეულია თავისი ბუნებით, ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან კარგად იციან, მაგრამ მაინც აღმოუჩენელია მისი იდუმალი სამყარო“. რუცსის განცხადებით, სწორედ ამიტომ შეირჩა საქართველო.

„ვფიქრობ, მომავალ წელს ბერლინის გამოფენაზე საქართველო დიდ ნახატს შექმნის, რომელიც განთავსდება მსოფლიო სცენაზე. ჩვენ ვიხილავთ საქართველოს უდიდეს ტურისტულ პოტენციალს. COVID-პანდემიის შემდეგ, მოგზაურებს ახალი ტურისტული ადგილების აღმოჩენა სურთ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, რადგან ისინი უკვე იყვნენ იტალიაში, საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, ამიტომ ახალ ადგილებში მოგზაურობა ურჩევნიათ. ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო კავშირები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ქუთაისის ახალი აეროპორტიდან სრულდება პირდაპირი ავიარეისები. დარწმუნებული ვარ, ტურისტული ნაკადების დიდი ზრდა იქნება, რადგან ბოლო 20 წელიწადში ბერლინის გამოფენის ყველა მასპინძელ ქვეყანას ტურისტების მნიშვნელოვანი მატება ჰქონდა“, – განაცხადა დევიდ რუცმა.

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა დღეს მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. კოვიდპანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113 500 ბიზნეს ვიზიტორი სტუმრობდა.