თამარ გაბუნია - თავყრილობები ვირუსის გავრცელების რისკს შეიცავს, „დელტა“ შტამთან მიმართებით გასამმაგებული სიფრთხილეა საჭირო, რაც არ ხდება
თამარ გაბუნია - თავყრილობები ვირუსის გავრცელების რისკს შეიცავს, „დელტა“ შტამთან მიმართებით გასამმაგებული სიფრთხილეა საჭირო, რაც არ ხდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში მობილობის მატება ეპიდვითარების გაუარესებას უწყობს ხელს.

როგორც გაბუნია ამბობს, არჩევნებისგან განსხვავებით, ქუჩის აქციები პანდემიის დროს ვირუსის ახალი შემთხვევების გავრცელების რისკს ქმნის. თამარ გაბუნიას თქმით, დიდი თავყრილობების დროს აუცილებელი რეგულაციების სათანადოდ დაცვა არ ხდება.

„ბოლო პერიოდში ისევ და ისეც მობილობის უჩვეულო მატება გვაქვს. ქუჩის აქციებია, არჩევნები ჩატარდა, თვითონ არჩევნები არ არის რისკი, არჩევნების გარემო მართვადია, მაგრამ შემდეგ რაც მოჰყვა არჩევნებს, იგივე თავყრილობების სახით, ეს რა თქმა უნდა, რისკის ფაქტორია. ყველა ხედავთ, რომ ამ შემთხვევაში, პირბადის გამოყენება და სხვა წესები დაცული არ არის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაუარესებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად, ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს „დელტა“ შტამიც, რომელიც ვირუსის სხვა ვარიანტთან შედარებით, ორჯერ სწრაფად ვრცელდება.

„გარდა ამისა 2-3 დღის წინ გამოქვეყნდა კანადური კვლევა, რომელიც ამბობს, რომ „დელტა“ შტამი ორჯერ სწრაფად ვრცელდება. ამდენად, ის რისკები, რომელიც „დელტა“ შტამს უკავშირდება, პრაქტიკულად აორმაგებს ყველა სხვა რისკს და მეტადაც ზრდის ჰოსპიტალიზაციის, ასევე გარდაცვალების რისკებს. „დელტა“ შტამთან მიმართებით გაორმაგებული და გასამმაგებული სიფრთხილეა საჭირო, რაც ჩვენს შემთხვევაში, არ ხდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.