იტალიური მემარცხენე-რადიკალური დაჯგუფების ყოფილმა წევრმა, ჩეზარე ბატისტიმ ოთხ მკვლელობასა და ყაჩაღობების სერიასთან კავშირი აღიარა
იტალიური მემარცხენე-რადიკალური დაჯგუფების ყოფილმა წევრმა, ჩეზარე ბატისტიმ 1970-იან წლებში ჩადენილ ოთხ მკვლელობასთან და ყაჩაღობის სერიასთან კავშირი აღიარა. 64 წლის ბატისტი იანვარში ბოლივიაში დააკავეს, რის შემდეგაც მისი იტალიაში ექსტრადირება განხორციელდა. იტალიაში ბატისტის დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
კერძოდ, ყოფილი კომუნისტი სამხედრო, ჩეზარე ბატისტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 1978 წელს ორი პოლიციელის მკვლელობაში, ასევე 1979 წელს იუველირის, პიერ ლუიჯი ტორეჯანისა და იტალიის სოციალური მოძრაობის აქტივისტის, ლინო საბადინის მკვლელობაში.
„როდესაც მე ვკლავდი, ჩემთვის ეს იყო ომი. მე ვაცნობიერებ იმ ზიანს, რომელიც მივაყენე და ბოდიშს ვუხდი ოჯახებს“, – განაცხადა ბატისტიმ.
ჩეზარე ბატისტი იყო მემარცხენე რადიკალური დაჯგუფების „შეიარაღებული პროლეტარები კომუნიზმისთვის“ წევრი.
ჩეზარე ბატისტი მრავალი წლის განმავლობაში იტალიის მართლმსაჯულებას საფრანგეთში ემალებოდა. მან რამდენიმე დეტექტიური რომანი დაწერა, ასევე იტალიურ ენაზე თარგმნა ფრანგი ავტორების წიგნები. ამის შემდეგ ის ათ წელზე მეტ ხანს ბრაზილიაში ცხოვრობდა, სადაც გასული წლის ბოლოს მისი დაკავების ორდერი გასცეს. ბატისტი ბოლივიაში გაიქცა, სადაც სამართალდამცველებმა დააკავეს.