ევროკავშირი ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
ევროკავშირი ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი დაეთანხმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის თხოვნას, განიხილონ სანქციების დაწესება ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის წინააღმდეგ მისი ქცევის გამო ღაზის სექტორისკენ მიმავალი ფლოტილიის მონაწილეების მიმართ. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, იტალია ოფიციალურად გამოვიდა შეთავაზებით, რომ ბენ-გვირის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი 15 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

მედიის ცნობით, იტალიის წინადადებას რამდენიმე ქვეყანამ დაუჭირა მხარი. კალასმა თანხმობა განაცხადა საკითხის განხილვაზე.

ცნობისთვის, ღაზის სექტორისკენ მიმავალი ფლოტილიის მონაწილეების მიმართ ბენ-გვირის ქცევამ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში აღშფოთება გამოიწვია. 20 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ რამდენიმე ათეული აქტივისტი მიწაზე მუხლებზე დგას, ხოლო ისრაელელი მინისტრი ეროვნულ დროშას აფრიალებს და ებრაულად ყვირის: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისრაელში, აქ ჩვენ ვმართავთ“. ბენ-გვირი მათ „თვითგამოცხადებულ გმირებს“ უწოდებდა და იმედს გამოთქვამდა, რომ ისინი ციხეში მოხვდებოდნენ პალესტინელ ტერორისტებთან ერთად.

ფლოტილიის დაკავებულ მონაწილეებს შორის, რომლებიც ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში ღაზის სექტორისკენ მიემგზავრებოდნენ, რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან ბენ-გვირს აეკრძალა საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. ასევე ბენ-გვირს ხუთი წლით აუკრძალეს პოლონეთში შესვლაც.