იტალიური მედია – ლომბარდიაში რკინიგზის სადგურებს შეამოწმებენ, რათა აქციებისას მილანში მოზარდების მასობრივი შემოდინება შეაჩერონ, გათვალისწინებულია არასრულწლოვანთა „პრევენციული“ დაკავებაც
მილანში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ, რათა შაბათ-კვირას დაგეგმილი აქციების დროს არეულობა თავიდან აიცილონ. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მილანში კომენდანტის საათს არ დააწესებენ, თუმცა პოტენციური არეულობის ადგილებში სამხედროები გააკონტროლებენ ვითარებას. ისინი საკონსულოებს, სახელმწიფო და რელიგიურ დაწესებულებებსაც დაიცავენ.
გარდა ამისა, ლომბარდიის რეგიონის ჩრდილოეთით მდებარე რკინიგზის სადგურებზე შემოწმებას ჩაატარებენ, რათა მილანში მოზარდების მასობრივი შემოდინება შეაჩერონ. გათვალისწინებულია არასრულწლოვანთა „პრევენციული“ დაკავებაც.
როგორც მედია წერს, მილანის ცენტრში შაბათ-კვირას დემონსტრაციების გამართვაც აკრძალეს. ქალაქში წესრიგის დასაცავად გეგმას ამუშავებენ, რომელშიც პოლიციის თითქმის ათასი თანამშრომელი მონაწილეობს.
ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ჩრდილოეთ იტალიის ქალაქებში ანტისამთავრობო პროტესტი დაიწყო. ყველაზე დაძაბული ვითარება მილანში იყო, სადაც პროტესტის მეორე დღეს პოლიციამ ორასზე მეტი ადამიანი დააკავა.