იტალიური მედია - ინტერნეტში ერთი პირბადე 70 ევრო ღირს
იტალიური მედია - ინტერნეტში ერთი პირბადე 70 ევრო ღირს

მილანის პროკურატურამ პირბადეების სპეკულაციურ ფასად გაყიდვის გამო გამოძიება დაიწყო.

როგორც იტალიური გამოცემა „კორიერა დელა სერა“ იუწყება, კორონავირუსის გამო, იტალიაში სანიტარულ ნიღბებსა და სადეზინფექციო საშუალებებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინტერნეტმაღაზიებში პირბადის ფასი 70 ევროს აღწევდა.

ამჟამად საქმეს კონკრეტული ფიგურანტები არ ჰყავს. თუმცა, მსგავსი დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულია ექვსი თვიდან სამ წლამდე პატიმრობა და 25 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმა.

წითელი ჯვრის წარმომადგენლები, ასევე იუწყებიან, რომ გარკვეული პირები ბოროტად იყენებენ შექმნილ მდგომარეობას, მოქალაქეებს მოხალისეებად ეცნობიან, შედიან ხნიერი ადამიანების სახლებში შედიან და სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ სამედიცინო ნიღბების შემოწმებას სთავაზობენ.

ამჟამად იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 230-ს აღწევს. დაავადებულების უმრავლესობა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ლომბარდიის რეგიონში ცხოვრობს. კორონავირუსს იტალიაში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი