იტალიური მედია - ესპანური გრიპის დროს დაბადებულმა 101 წლის მამაკაცმა კორონავირუსი დაამარცხა
იტალიური მედია - ესპანური გრიპის დროს დაბადებულმა 101 წლის მამაკაცმა კორონავირუსი დაამარცხა

ესპანური გრიპის პანდემიის დროს დაბადებულმა 101 წლის იტალიელმა მამაკაცმა, კორონავირუსი, „კოვიდ 19“ დაამარცხა.

იტალიური გამოცემა, „ანსას“ ინფორმაციით, იტალიელი მამაკაცი, რომლის იდენტიფიცირებისგან ადგილობრივი ხელისუფლება თავს იკავებს, ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ რიმინიში ცხოვრობს და საავადმყოფოდან მიმდინარე კვირის დასაწყისში გაწერეს. რიმინის მერის მოადგილის, გლორია ლისის განცხადებით, პაციენტი უკვე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება.

იტალიური მედია წერს, რომ იტალიელი მამაკაცი 1919 წელს არის დაბადებული.

„შესაძლოა, სპორტით აქტიურად დაკავებამ იხსნა მისი სიცოცხლე. ვიდრე დაავადდებოდა, ველოსიპედით რამდენიმე კილომეტრს დადიოდა. ახლა ის ახალ ადამიანს ჰგავს. თითქოს თავიდან დაიბადა. შესაძლოა, ამ გამარჯვებამ მისცა მას ახალი ენერგია“, – აცხადებენ გამოჯანმრთელებული მამაკაცის ოჯახის წევრები.

ესპანურმა გრიპმა, სხვადასხვა მონაცემებით, იტალიაში 600 000-მდე, მსოფლიოში კი 50 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.