იტალიური მედია - ექსპერტები გენუას ხიდთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჯერ კიდევ 2016 წელს საუბრობდნენ
იტალიური მედია - ექსპერტები გენუას ხიდთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჯერ კიდევ 2016 წელს საუბრობდნენ

იტალიელი ექსპერტები გენუას ხიდთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჯერ კიდევ 2016 წელს საუბრობდნენ, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

იტალიური მედიის ცნობით, გენუის უნივერსიტეტის პროფესორმა, ინჟინერმა ანტონიო ბრენჩიცმა 2016 წელს ხიდთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ანგარიშიც შეადგინა, თუმცა ადგილობრივ მთავრობას შესაბამისი ზომები არ მიუღია.

როგორც უკვე ცნობილია, ტრაგედიის დროს 1182 მეტრის სიგრძის ხიდის 200-მეტრიანი სექცია ჩამოინგრა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხიდის გაუმართაობის შესახებ მათ დიდი ხნის განმავლობაში იცოდნენ.

იტალიის ტრანსპორტის მინისტრის, დანილო ტონინელის განცხადებით, ხიდის ჩამონგრევა ექსპლუატაციის ნორმების დარღვევამ გამოიწვია.

ტრაგედიის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაშველები ნანგრევებში შესაძლო გადარჩენილებს ეძებენ.

ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 35-ია. ტრაგედიის დროს სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა, 20-მდე პირი კი დაკარგულად მიიჩნევა.

მაშველები აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლო კიდევ გაიზარდოს.

ქალაქ გენუაში ტრაგედიის ადგილს ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც ესტუმრა. ჯუზეპე კონტე გენუაში რამდენიმე დღე დარჩება. ის დაღუპულების ოჯახებს და საავადმყოფოში მყოფ დაზარალებულებს მოინახულებს.