იტალიური მასტერკლასი თბილისში - „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ ექს-მწვრთნელი რეკომენდაციებით მოდის
იტალიური მასტერკლასი თბილისში - „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ ექს-მწვრთნელი რეკომენდაციებით მოდის
ხვალ, 21 სექტემბერს, თბილისში ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ლუიჯი ფებრარი გვესტუმრება, რომელიც 35-ე საფეხბურთო სკოლაში მასტერ-კლასს გამართავს – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო სკოლის მწვრთნელმა გიორგი კიკვაძემ დაადასტურა.
 
„ეს იტალიელებთან თანამშრომლობის დასაწყისი იქნება. 35-ე სკოლის ბაზაზე 2005 წელს დაბადებულთა გუნდი ნიკა ფოცხვერიასთან და ფეხბურთელთა ინდივიდუალური მომზადების ცენტრის ხელმძღვანელ თემურ ფოცხვერიასთან ერთად შევქმენი, რომელიც ბავშვობაში ავარჯიშებდა ვაკო ყაზაიშვილს, დავით ხოჭოლავას, ლაშა პარუნაშვილს, გიორგი ჭანტურიას. საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ მათ ევროპაში გასვლა და დამკვიდრება უჭირთ. გამოსავალი ევროპული პროგრამით მომზადებაა და მაღალი დონის იტალიელ სპეციალისტებთან და ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ. ეს საპილოტე პროგრამაა, მისი მიზანი კი ფეხბურთელების ევროპაში გაშვება და საქართველოს ნაკრებისთვის საიმედო მომავალი გაზრდაა. საამისოდ, ბავშვებს ევროპულ დონეზე მომზადება სჭირდებათ“ – ამბობს საქართველოს პირველ ართან გიორგი კიკვაძე.
ახალგაზრდა სპეციალისტის თქმით, მათი პარტნიორი სამენეჯერო კომპანია იტალიურ გუნდებთან თანამშრომლობს: „იტალიელები ყველანაირად გეხმარებიან. მაგალითად, ჩვენმა მწვრთნელებმა ნიკა ფოცხვერიამ და ლაშა ბანცაძემ „ინტერისა“ და„მილანის“ აკადემიებში სტაჟირება გაიარეს. ახლა მილანის საერთაშორისო ტურნირზეც მიგვიწვიეს. უახლოეს დღეებში ჩვენ ფიზმომზადების ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ლუიჯი ფებრარი გვესტუმრება, რომელიც ცნობილ კლუბებში, „ლაციოში“, „რომაში“, „ატალანტაში“, „ნაპოლიში“, ასევე ხორვატულ „ჰაიდუკში“ მუშაობდა, წელს კი ალბანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ჩაირიცხა. ფებრარი 21 სექტემბერს ჩამოდის და მოთამაშეებს მასტრეტ-კლასს ჩაუტარებს, ჩვენ კი ფიზმომზადების პროგრამის შედგენაში დაგვეხმარება“.
საინტერესოა, რომ 58 წლის ლუიჯი ფებრარი იტალიაში ცნობილია, როგორც ფიზმომზადებბის ნოვატორი სპეციალისტი, რომელმაც AIPAC (იტალიის საფეხბურთო ფიტნეს-მწვრთნელთა ასოციაცია) დააფუძნა და დღემდე მისი პრეზიდენტია.