იტალიური გამოცემა - „ნაპოლის“ პრეზიდენტი სპალეტის შენარჩუნებას ცდილობს #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის დაელაპარაკა და შეეცადა, რომ გუნდში დარჩენის აუცილებლობაში დაერწმუნებინა, – ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის შესახებ ეს მოულოდნელი ინფორმცია გამოცემა Il Mattino-მ გაავრცელა.
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ლუჩანო სპალეტის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს და „ნაპოლის“ პრეზიდენტი ჩემპიონთა ლიგის გამოცდილების მქონე მწვრთნელს ეძებს. კანდიდატებიც დასახელდა – ლუის ენრიკე, სერჟიო კონსეისაო, ვინჩენცო იტალიანო, რაფა ბენიტესი, ჯან პიერო გასპერინი…
ამის მიუხედავად, დე ლაურენტისი სპალეტის დარჩენას არ გამორიცხავს, თუმცა თავად 64 წლის სპეციალისტს მასთან თანამშრომლობა აღარ სურს.
„აურელიო დე ლაურენტისს ლუჩანო სპალეტის გაშვება არ სურს და შეეცდება, მას ახალი შეთავაზებით წასვლა გადააფიქრებინოს – გუნდის პრეზიდენტი მწვრთნელს ორწლიან კონტრაქტსა და ოთხ მილიონზე მეტ ხელფასს შესთავაზებს – გასულ სეზონში სპალეტის ხელფასი 2,5 მილიონი ევრო იყო.
მწვრთნელმა თითქოს გადაწყვიტა დამშვიდობება, მაგრამ საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს. ამის მიუხედავად, ის თავის მისიას „ნაპოლიში“ დასრულებულად მიიჩნევს. თვლის, რომ გუნდისთვის ყველაფერი გაიღო და ახლა დასვენებას სჭირდება“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.