იტალიური გამოცემა - დიმიტრი მედვედევი იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს ლიკვიდაციას გეგმავს და ჯილდოდ 15 მილიონი დოლარი დააწესა
იტალიური გამოცემა - დიმიტრი მედვედევი იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს ლიკვიდაციას გეგმავს და ჯილდოდ 15 მილიონი დოლარი დააწესა

იტალიური გამოცემის, „ილ ფოლიოს“ ცნობით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოქმედი მოადგილე დიმიტრი მედვედევი იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს ლიკვიდაციას გეგმავს და ამისთვის ჯილდოდ 15 მილიონი დოლარი დააწესა.

როგორც გამოცემა იუწყება, თავდაპირველად, იტალიის სპეცსამსახურების შეშფოთება გამოიწვიეს მედვედევის გასული წლის აგრესიულმა გამონათქვამებმა, როდესაც მედვედევმა კროზეტო „იშვიათ სულელად“ მოიხსენია კიევში რუსული ტანკების შეყვანის შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით იტალიის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების გამო.

გამოცემის ცნობით, მოგვიანებით, იტალიის სპეცსამსახურებმა მოიპოვეს შეტყობინება, რომელიც კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ მისამართით იყო გაგზავნილი ევროპის ერთ-ერთ ფილიალში და ამ შეტყობინებაში მედვედევი, 15 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, მინისტრზე თავდასხმას ითხოვდა.

ამავე პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მედვედევის მოთხოვნა ჯერ კიდევ იქამდე იქნა გადაცემული, ვიდრე გვიდო კროზეტო რამდენიმე დღის წინ „ვაგნერს“ ევროპაში მიგრაციული კრიზისის გაჩაღებაში დაადანაშაულებდა.