იტალიური ჟურნალი თბილისის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს - „თბილისი ათასი და ერთი ღამის, ხელოვნებისა და სტილის კალეიდოსკოპი“
იტალიური ჟურნალი თბილისის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს - „თბილისი ათასი და ერთი ღამის, ხელოვნებისა და სტილის კალეიდოსკოპი“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პოპულარული იტალიური ჟურნალი The Good Life-ი თბილისის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ფოტოგრაფ-ჟურნალისტმა, ანდრეა ფორლანმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.

სტატიაში თბილისის ტურისტულად საინტერესო ადგილები, დედაქალაქის ისტორია, კულტურა, არქიტექტურა, ძველი თბილისის ქუჩები, ქართული სამზარეულო და ღვინოა აღწერილი.

„თბილისში, სადაც ეზოა, ყველგან ვაზია. ყოველივე ამის შემდეგ არქეოლოგებს ეჭვი არ ეპარებათ: როგორც ჩანს, ღვინო აქ დაიბადა, ქრისტეს შობამდე დაახლოებით 6000 წლით ადრე. 524 ჯიშის ყურძენს შორის ყველაზე პოპულარული საფერავი, წითელი და ნახევრად ტკბილი ქინძმარაულია, რომელიც ძალიან მოსწონთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“, – წერს ანდრეა ფორლანი და სტატიას პიცისა და ხაჭაპურის ერთმანეთთან შედარებით აგრძელებს.

„მათთვის, ვისაც არასდროს სმენია ქართული სამზარეულოს შესახებ, პატარა ლექსიკონი შეიძლება გამოგადგეთ: ხაჭაპური, ხინკალი. პირველი ჩვენი პიცის კავკასიელი ბიძაშვილია და მაგიდებზე სრიალებს სხვადასხვა რეგიონულ კონფიგურაციებში, ნაკლებად რთული მოსამზადებელია იმერული ხაჭაპური, სულგუნით საოცრებაა, მაგრამ მწვერვალი არის აჭარული წარმოშობის ხაჭაპური, ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან. ნავის ფორმის ხაჭაპური, ღრუში მოთავსებული მდნარი ყველის აბაზანაში ჩაძირული კვერცხის გული, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დაუმატებთ კარაქს, რომელიც არასოდესაა მსუბუქი“, – წერს სტატიის ავტორი.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.