იტალიურ მედიაში - „ფროსინონე“ კვერნაძის ტრანსფერზე ბათუმის „დინამოს“ ჯერ ვერ შეუთანხმდა #1TVSPORT
იტალიურ მედიაში - „ფროსინონე“ კვერნაძის ტრანსფერზე ბათუმის „დინამოს“ ჯერ ვერ შეუთანხმდა #1TVSPORT

ზაფხულში გიორგი კვერნაძის გადაყვანას სერია A-ში დაწინაურებული „ფროსინონე“ შეეცდება, მაგრამ ბათუმის „დინამოს“ 19 წლის ფლანგის შემტევით სხვა კლუბებიც დაინტერესდნენ და ეს რთული საქმე იქნება, – ინფორმაციას tuttofrosinone ავრცელებს.

„ფროსინონეს“ სატრანსფერო ამბები – ახალი ამბები გიორგი კვერნაძეზე

„დიდი ხანია, „ფროსინონე“ ბათუმის „დინამოს“ მარცხენაფლანგელს, გიორგი კვერნაძეს აკვირდება. ის, რომ „ფროსინონე“ ახალგაზრდების მიმართ კეთილგანწყობილია, სიახლე აღარაა. დაგეგმვის, წინდახედულობისა და თამამი არჩევანის წყალობით კლუბი სულ უფრო და უფრო ხდება იტალიური ფეხბურთისთვის სამაგალითო მოდელი. მისია არ იცვლება – ასე გაგრძელდება სერია A-ში. ახალი კადრების სიაშია გიორგი კვერნაძეც, რომელიც ცდილობს, ხვიჩა კვარაცხელიას კვალდაკვალ ყველა მოხიბლოს.

წარმოშობით სამტრედიელი კვერნაძე 2003 წელსაა დაბადებული. ის ბათუმის „დინამოს“ საკუთრებაშია – იმავე გუნდის, სადაც „ნაპოლიში“ გადასვლამდე კვარაცხელია თამაშობდა. მათ საერთო აქვთ სათამაშო პოზიციაც – „ნაპოლის“ 77 ნომრის მსგავსად, გიორგიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს.

კვერნაძის მნიშვნელოვანი თვისებაა კარგი სიჩქარე. დრიბლინგისა და ერთ-ერთზე თამაშისას არაპროგნოზირებადია, ის ბურთს კარგად ფლობს და შესანიშნავი დარტყმა აქვს. კვერნაძე 4-3-3 სქემისთვის იდეალური ფლანგის შემტევია, რომელიც მუდამ ცდილობს, მოედანზე გუნდს რიცხვობრივი უპირატესობა შეუქმნას. სწორედ ამ მახასიათებლებით მიიპყრო მან „ფროსინონეს“ ყურადღება.

გუნდები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, თუმცა ამ დროისთვის ბათუმის „დინამოსთან“ შეთანხმება არ გაფორმებულა. ეს გარიგება „ფროსინონესთვის“ ადვილი არ იქნება. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ კვერნაძის მიმართ ინტერესს სხვა გუნდებიც იჩენენ“, – წერია tuttofrosinone-ში გამოქვეყნებულ წერილში.