იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ გაფორმდა ხელშეკრულება ​მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენაზე, რომელიც განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის

14:10, 31.07.2026

იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ ​მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

„დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ. ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის, ექვსი წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში. მინდა, მადლობა გადავუხადო მშობლებს, რომლებიც სახელმწიფოს დაეხმარნენ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მშობლებთან თანამშრომლობის გაგრძელება სამინისტროსთვის ძალზე მნიშვნელოვანია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ეფექტიანად მართვის პროცესში.

მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს პირადად მისი გადაწყვეტილებისთვის და პირადი ჩართულობისთვის, რამაც გახადა შესაძლებელი პროცესის წარმატებით წარმართვა და მისი ბოლომდე მიყვანა. ასევე მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელიც ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში.

რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომლის თაობაზეც ადრე იყო საუბარი, მინდა, აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას, ცხადია, გავუზიარებთ ინფორმაციას. უახლოესი დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით უკვე ინფორმაციას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პროგრამის შემდგომი გაფართოების შესახებ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკაში განსხვავებული გადაწყვეტილებები არსებობს, საქართველო პროცესს სიფრთხილის დაცვითა და იტალიურ მხარესთან თანამშრომლობით განახორციელებს.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ მაგალითად, 28 მაისს, ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და დასაშვებად ცნო „ჯივინოსტატის“ გამოყენება. მოგეხსენებათ, ჰქონდა ევროპული სააგენტოს დასტური, თუმცა კვლევები კვლავ მიმდინარეობდა. დიუშენის დაავადებასთან დაკავშირებულ პროცესში ცვლილებები საკმაოდ ბევრია და ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდება. მაისში მიღებული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რამაც პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა. მანამდე, საფრანგეთმა „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, ამის მიზეზად კი, ხარჯისა და სარგებლის თანაფარდობა დაასახელა. არც ისე დიდი ხნის წინ, ივლისში, დანიამაც უარი თქვა მედიკამენტის დანერგვაზე სათანადო მტკიცებულებების არქონის გამო. ეს არის პროცესი, რომელიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან საუბარია როგორც ახალ, ისე ძვირადღირებულ მედიკამენტზე.

მინდა, მადლობა გადავუხადო იტალიურ მხარეს, რომელთანაც ამ პერიოდის განმავლობაში აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა და თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ. თანამშრომლობა იყო ძალიან კარგი და კონსტრუქციული. მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, რათა იმპლემენტაციის პროცესში წარმოქმნილი ყველა სიახლე გავიზიაროთ. ბუნებრივია, ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველო „ჯივინოსტატის“ დანერგვის პროცესს აგვისტოშივე დაიწყებს.

„ძალიან სწრაფად, უკვე აგვისტოშივე, პრაქტიკულად, გვექნება შესაძლებლობა, ერთობლივად დავიწყოთ იმპლემენტაციის პროცესი. ეს მოიცავს შესაბამისი პროტოკოლებისა და წესების შემუშავებას, სათანადო კლინიკური ბაზის მომზადებას და ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც მედიკამენტის იმპელემენტაციისთვის არის აუცილებელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ, მიუხედავად სიფრთხილისა, ეს მაინც გაბედული გადაწყვეტილებაა. მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და იქნება სამაგალითო ბევრი სხვა ქვეყნისთვის. ესეც აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი