იტალიის ყველა დიდ ქალაქში უკიდურესი სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა

15:02, 06.08.2026

იტალიამ ქვეყნის 27 უმსხვილეს ქალაქში, ჩრდილოეთის ტრიესტიდან სამხრეთის პალერმომდე, სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოაცხადა.

როგორც „როიტერი“ წერს, განგაშის წითელი დონე ნიშნავს, რომ ხანგრძლივი ექსტრემალური სიცხე მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და საგანგებო სიტუაციების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადებულია ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ტურინი, მილანი, ჯენოა, ვენეცია, ვერონა, ბოლონია, ფლორენცია, რომი, ნეაპოლი, ბარი, პალერმო და ა.შ.

ბოლო დღეებში იტალიის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს ცელსიუსს მიუახლოვდა. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დილის 11:00-დან საღამოს 18:00 საათამდე მოერიდონ მზეზე გასვლას, შეძლებისდაგვარად დარჩნენ დახურულ, გრილ სივრცეებში და დღეში, სულ მცირე, 1,5 ლიტრი წყალი დალიონ.

რეკომენდაციებს შორისაა ასევე გაზიანი სასმელების, ყავის, ალკოჰოლისა და მძიმე საკვების თავიდან აცილება, მსუბუქი ტანსაცმლის ჩაცმა და ბავშვებისა თუ ცხოველების ავტომობილში დატოვების კატეგორიული აკრძალვა.

სიცხეს იტალიაში ბოლო დღეებში ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის არიან 19 წლის პომიდვრის შემგროვებელი და 40 წლის დურგალი, რომლებიც ლომბარდიის რეგიონში ღია სივრცეში მუშაობდნენ. ასევე, ვარაუდობენ, რომ ბოლონიაში დაცვის თანამშრომელი სიცხით გამოწვეული დაავადების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდა.

სიცხის ტალღამ კიდევ უფრო გაამწვავა გვალვა მდინარე პოს ხეობაში. პიემონტისა და ლომბარდიის 100-ზე მეტ ქალაქს წყალმომარაგების პრობლემები შეექმნა, ხოლო ზოგიერთ დასახლებაში სასმელი წყლის მარაგის შესავსებად ავტოცისტერნებს იყენებენ.

მსხვილ ტურისტული ქალაქებში, მათ შორის რომში, მოქალაქეებსა და ტურისტებს დღის ყველაზე ცხელ საათებში კონდიცირებულ კინოთეატრებსა და კულტურულ დაწესებულებებში უფასო შესვლას სთავაზობენ. გარდა ამისა, გახანგრძლივდა ისეთი ღირსშესანიშნაობების სამუშაო საათები, როგორებიცაა კოლიზეუმი და პანთეონი, რათა მათი მონახულება საღამოს, შედარებით გრილ პერიოდში იყოს შესაძლებელი.

მსგავსი