იტალიის ვიცე-პრემიერი - როგორც ჩანს, თავს იჩენს კორუფციული სკანდალები, რომლებშიც ჩართულია უკრაინის მთავრობა, არ მინდა, იტალიელი დასაქმებულების ფული კორუფციის გაძლიერებას მოხმარდეს
იტალიის ვიცე-პრემიერი - როგორც ჩანს, თავს იჩენს კორუფციული სკანდალები, რომლებშიც ჩართულია უკრაინის მთავრობა, არ მინდა, იტალიელი დასაქმებულების ფული კორუფციის გაძლიერებას მოხმარდეს

იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევამ, შესაძლოა, „კორუფცია გააღვივოს“.

სალვინი უკრაინის ენერგეტიკული სექტორის კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა.

„როგორც ჩანს, თავს იჩენს კორუფციული სკანდალები, რომლებშიც ჩართულია უკრაინის მთავრობა. ამიტომ არ მინდა, რომ იტალიელი დასაქმებულებისა და პენსიონერების ფული კორუფციის კიდევ უფრო გაძლიერებას მოხმარდეს“, – განაცხადა სალვინიმ .

ამასთან, იტალიის ვიცე-პრემიერის აზრით, უკრაინას არ დაეხმარება მეტი იარაღის მიწოდება.

„მგონია, რომ ის, რაც ბოლო საათებში ხდება, რუსული ჯარების წინსვლასთან ერთად, გვეუბნება, რომ ყველას, და უპირველეს ყოვლისა, უკრაინის ინტერესებშია ომის შეჩერება“, – აღნიშნა სალვინიმ.

საპასუხოდ, იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა „აბსურდია“ .

„მესმის მატეო სალვინის შეშფოთება, მაგრამ არ განვსჯი ქვეყანას ორი კორუმპირებული პირის საფუძველზე. ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც რუსული თავდასხმების 93%-ისგან ზარალდება“, – განაცხადა კროზეტომ.