იტალიის ვიცე-პრემიერი არ ეთანხმება ვიქტორ ორბანს, რომ „ანტიფას“ წევრი იტალიელი ევროდეპუტატი ილარია სალისი ტერორისტია
იტალიის ვიცე-პრემიერი არ ეთანხმება ვიქტორ ორბანს, რომ „ანტიფას“ წევრი იტალიელი ევროდეპუტატი ილარია სალისი ტერორისტია

იტალიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი არ ეთანხმება უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, რომ იტალიელი ევროდეპუტატი ილარია სალისი ტერორისტია.

„მე არ მჯერა, რომ სალისი ტერორისტია. მისი შეხედულებები ძალიან განსხვავდება ჩემი შეხედულებებისგან, მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ არ მგონია, რომ ტერორისტი იყოს“, – აღნიშნა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ტაიანის განცხადებამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „ანტიფა“ ტერორისტული ორგანიზაციაა და სწორედ ილარია სალისზე მიანიშნა.

„აქაც მოვიდნენ, ქუჩაში უდანაშაულო ადამიანებს სცემეს, ზოგიერთი მათგანი სიკვდილამდე სცემეს, შემდეგ ბრიუსელში წავიდნენ, რათა ევროპარლამენტის წარმომადგენლები გამხდარიყვნენ და იქიდან უნგრეთს კანონის უზენაესობის გაკვეთილებს ასწავლიან“, – აღნიშნა ორბანმა.

სალისი უნგრეთში შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს, სადაც მას 2023 წლის თებერვალში ულტრამემარჯვენე დემონსტრანტებზე თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობისთვის ასამართლებდნენ.

ილარია სალისი 2024 წლის ივნისში ევროპარლამენტის წევრად იტალიის მწვანეთა და მემარცხენე ალიანსიდან (AVS) აირჩიეს.

იტალიური მედიის თანახმად, უნგრეთის ციხეში 16-თვიანი ყოფნის დროს მისი, სავარაუდოდ, არაადამიანური პატიმრობის პირობებმა იტალიის პროტესტი გამოიწვია. აშშ-ის შემდეგ უნგრეთი ოფიციალურად გეგმავს, „ანტიფა“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს.