იტალიის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელის გერმანიაში ექსტრადირების შესახებ
იტალიის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელის გერმანიაში ექსტრადირების შესახებ

იტალიის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელის გერმანიაში ექსტრადირების შესახებ. შესაბამის ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

როგორც მოსალოდნელია, მას გერმანიას უახლოეს დღეებში გადასცემენ.

დაკავებულის ადვოკატები აცხადებენ, რომ სამართლებრივ ბრძოლას გერმანიაში გააგრძელებენ.

სერგეი კუზნეცოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი კაპიტანი, ევროპული ორდერის საფუძველზე 21 აგვისტოს დააკავეს რიმინიში, სადაც ოჯახთან ერთად ისვენებდა. გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული სერგეი კუზნეცოვი იყო იმ ჯგუფის წევრი, რომელმაც ბალტიის ზღვაში, „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. გერმანიაში მას ბრალად ედება შეთქმულება აფეთქების მოწყობის მიზნით, ანტიკონსტიტუციური დივერსია და მნიშვნელოვანი ნაგებობების განადგურება.

ამასთან, გამოცემა „უოლ სთრით ჯოურნალის“ ცნობით, გერმანიის გამოძიება მიიჩნევს, რომ უკრაინელთა ჯგუფი, რომელიც მილსადენების აფეთქებაში მონაწილეობდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მაშინდელი მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის მითითებით მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ვარშავის სასამართლომ უარი თქვა უკრაინელი მყვინთავის ექსტრადირებაზე, რომელიც გერმანიის ხელისუფლების მიერ მილსადენ „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქებაში სავარაუდო მონაწილეობის გამო იძებნებოდა. მოსამართლემ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ თავდასხმა 2022 წლის სექტემბერში განხორციელდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას მილსადენების აფეთქებასთან საერთო არაფერი აქვს.