იტალიის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ მარკ რუტეს განცხადებას, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად იტალიის ბაზებიდან 500 ამერიკული თვითმფრინავი აფრინდა
იტალიის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად „იტალიაში მდებარე ბაზებიდან 500 ამერიკული თვითმფრინავი აფრინდა“.
იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს განცხადებით, გაკვირვებულია, რომ მარკ რუტემ რომელსაც, მისივე თქმით, აშშ-ის ოპერაციასთან „არანაირი კავშირი არ ჰქონია“, გაავრცელა ვერსია, რომელიც „აბსოლუტურად შეცდომაში შემყვან გზავნილს“ შეიცავდა.
კროზეტოს განცხადებით, მარკ რუტემ ნებადართული დამხმარე ფრენები და საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებული ოპერაციები ერთმანეთში აურია.
„იტალია ნებას რთავს მხოლოდ იმ ფრენებს, რომლებიც საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული და სრულად გამორიცხავს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას. ქვეყანა ყოველთვის მოქმედებდა და გააგრძელებს მოქმედებას არსებული შეთანხმებების ფარგლებში. არსებული შეთანხმებებით განსაზღვრული პროცედურების ფარგლებში, ნებადართული იყო მხოლოდ ტექნიკური და ლოგისტიკური ხასიათის ღონისძიებები და არა საბრძოლო ოპერაციები. როგორც ცნობილია, იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნა ამ ფარგლებს სცდებოდა, იტალია ნებართვას არ გასცემდა“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.