მარკ რუტე – ვიცი, არსებობს იმედგაცრუება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ცალკეული შემთხვევებია
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკას ეხმაურება.
რუტე აცხადებს, რომ ესმის დონალდ ტრამპის იმედგაცრუების, როდესაც საქმე ნატო-ს ეხება.
„რაც შეეხება ნატო-ს, ვიცი, რომ არსებობს იმედგაცრუება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ცალკეული შემთხვევებია,” – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, მარკ რუტეს თქმით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა აშშ-ს საკუთარი სამხედრო ბაზები დაუთმეს ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის – „ეპიკური მრისხანების“ დროს.
„სრულად მესმის ეს იმედგაცრუება, მაგრამ თუ, მაგალითად, იტალიას ავიღებთ, 500 ამერიკული თვითმფრინავი სწორედ იტალიის ბაზებიდან აფრინდა, რათა ოპერაცია „ეპიკური მრისხანებისთვის“ მხარდასაჭერად გამოეყენებინათ. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში კი კომერციული ავიარეისების რაოდენობის შემცირება გახდა საჭირო, რადგან აეროპორტი ამერიკული თვითმფრინავების საწვავით მომარაგებისთვის გამოიყენებოდა,“ – განაცხადა რუტემ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.
გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა ტრამპის ლიდერულ როლს იმაში, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯებს ზრდიან.
„ეს მთელ ალიანსს უფრო ძლიერს ხდის, ხოლო შეერთებულ შტატებს – უფრო უსაფრთხოს, როგორც თავდაცვის სფეროში განხორციელებული ინვესტიციების, ისე ნატო-ს მოკავშირეების მიერ თავდაცვაზე გაზრდილი დანახარჯების წყალობით,” -განაცხადა მარკ რუტემ.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ნატო-ს წევრ ქვეყნებს დახმარება შეუწყვიტოს, ამის მიზეზად კი აშშ-ირანის კონფლიქტის დროს ალიანსის წევრების მხრიდან არასაკმარის მხარდაჭერას ასახელებს. ტრამპის თქმით, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ვაშინგტონი ევროპის ქვეყნების რუსეთისგან დასაცავად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს.