იტალიის თავდაცვის მინისტრი რუსეთს ჰიბრიდული ომის წარმოებაში ადანაშაულებს - „აბსურდულია, რომ დასავლეთი ასე მცირე ზომის ნაბიჯებს დგამს რუსეთის თავდასხმებზე რეაგირების კუთხით“
იტალიის თავდაცვის მინისტრი რუსეთს ჰიბრიდული ომის წარმოებაში ადანაშაულებს - „აბსურდულია, რომ დასავლეთი ასე მცირე ზომის ნაბიჯებს დგამს რუსეთის თავდასხმებზე რეაგირების კუთხით“

იტალიის თავდაცვის მინისტრი რუსეთს ჰიბრიდული ომის წარმოებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო მოუწოდებს დასავლეთს, გაუმკლავდეს რუსეთის მხრიდან პოტენციურად „კატასტროფული“ ჰიბრიდული თავდასხმების მზარდ ტალღას.

125-გვერდიან დოკუმენტში, სახელწოდებით „ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლა: აქტიური სტრატეგია“, გვიდო კროზეტო აკრიტიკებს ევროპული და ნატო-ს წევრი ქვეყნების „ინერციით სვლას“ რუსეთის მზარდი და სულ უფრო თამამი აგრესიის ფონზე.

„ჩვენ თავდასხმის ქვეშ ვართ და ჰიბრიდული ბომბები განუწყვეტლივ ცვივა: მოქმედების დრო დადგა“, –  წერს კროზეტო.

მისივე თქმით, „აბსურდული“ და „მიუღებელია“, რომ დასავლეთი ასე მცირე ზომის ნაბიჯებს დგამს რუსეთის თავდასხმებზე რეაგირების კუთხით.

„სახმელეთო არმიით თუ ​შემოგვიტევდნენ, უბრალოდ სახლში არ დავსხდებოდით იმ იმედით, რომ ისინი წავიდოდნენ. დასავლეთი ჩართულია ასიმეტრიულ კონფლიქტში: მათ აქვთ რეაგირების საშუალებები, მაგრამ საკუთარი დემოკრატიული პროცესებით და ევროკავშირსა და ნატო-ში ნელი, კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებით შეზღუდული ქმედებებით მუდმივად ჩამორჩებიან რუსეთს“, – აღნიშნავს კროზეტო.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებს დეზინფორმაციითა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებით ესხმის თავს.

„ეს ინსტრუმენტები ირიბად მოქმედებს სახელმწიფოების რწმენაზე, მდგრადობაზე, გადაწყვეტილებების მიღების სუვერენიტეტსა და პოლიტიკურ სტაბილურობაზე“, – წერს ის.

კროზეტოს განცხადებით, საფრთხეს წარმოადგენენ სხვა ქვეყნები – ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა.

ამასთან, იტალიის თავდაცვის მინისტრმა ევროპულ ქვეყნებს რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად „ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული ცენტრის“ შექმნა შესთავაზა.