იტალიის თავდაცვის მინისტრი - ირანთან ომი საფრთხის ქვეშ აყენებს აშშ-ის გლობალურ ლიდერობას
იტალიაში მიიჩნევენ, რომ სპარსეთის ყურეში ომი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აშშ-ს გლობალურ ლიდერობას. ამის შესახებ განცხადება იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ გააკეთა.
„ირანთან ომი საფრთხის ქვეშ აყენებს აშშ-ის გლობალურ ლიდერობას“, – განაცხადა კროზეტომ.
ამ კონტექსტში იტალიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაიხსენა მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის მიერ იაპონიის წინააღმდეგ ატომური იარაღის გამოყენება.
„უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ სწორედ ჩვენნაირმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ თუნდაც ჰიროსიმა და ნაგასაკი მისაღებ საშუალებას წარმოადგენდნენ კონფლიქტის დასასრულებლად. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ვფლობთ ბირთვულ იარაღს, ისინი კი, ვისაც ეს იარაღი არ აქვთ, მიისწრაფვიან, რომ ის ჰქონდეთ. ჩვენ ვერაფერი ვისწავლეთ“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.
იტალიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს არ ჰყავს ისეთი მრჩევლები, რომლებიც მას საჭიროების შემთხვევაში უარს ეტყვიან.
„ტრამპის პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ვერავინ ბედავს, ბოსს შეეწინააღმდეგოს“, – განაცხადა კროზეტომ.
ცნობისთვის, იტალია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც უარი უთხრა აშშ-ს სიცილიაზე მდებარე სამხედრო ბაზის გამოყენებაზე.