იტალიის სანაპიროსკენ მიგრანტების დატვირთული მორიგი ჰუმანიტარული გემი მიემართება
იტალიის სანაპიროსკენ მიგრანტების დატვირთული მორიგი ჰუმანიტარული გემი მიემართება

იტალიის სანაპიროსკენ მიგრანტების დატვირთული მორიგი ჰუმანიტარული გემი მიემართება. ამის შესახებ „ევრონიუსი“, გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

იტალიის კუნძულ ლამპედუზასკენ მიმავალი გემის ბორტზე 65 მიგრანტი იმყოფება. გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის წევრებმა აფრიკელი მიგრანტები ლიბიის სანაპიროდან 66 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. ისინი ევროპაში მოხვედრას კუსტარულად დამზადებული ნავის საშუალებით ცდილობდნენ.

გემის კაპიტნის განცხადებით, მათ ჯერ არ იციან, შეუშვებენ თუ არა გემს იტალიის პორტში. მიგრანტებით დატვირთულ ჰუმანიტარულ გემებს იტალიის ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობა ხშირად ხვდებათ.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ ცოტა ხნის წინ ჰუმანიტარული გემები გააფრთხილა, გეზი სხვა ქვეყნებისკენ აიღონ. თუმცა როგორც გემის კაპიტანი იუწყება, მათთან ყველაზე ახლოს სწორედ კუნძული ლამპედუზაა, ამიტომ მიგრანტების უსაფრთხოების მიზნით გეზის აღება სწორედ იტალიის კუნძულისკენ გადაწყვიტეს.

ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ გემს სახელი „ალან კურდი“ სამი წლის სირიელი ბიჭის საპატივცემულოდ შეურჩია. ალან კურდი 2015 წელს ოჯახთან ერთად ევროპაში მოხვედრას ხმელთაშუა ზღვის გავლით ცდილობდა, თუმცა მათი მოგზაურობა ტრაგიკულად დასრულდა. პატარა ბიჭის ცხედარი თურქეთის სანაპიროზე გამოირიყა. მალევე ტრაგიკული ფაქტის ამსახველი ფოტო მიგრაციული კრიზისის სიმბოლოდ იქცა.